საქართველოს პარლამენტმა 21 მარტს გამართულ საგანგებო სხდომაზე, 115 ხმით არცერთის წინააღმდეგ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის მიერ 21 მარტს გამოცემულ დეკრეტს მხარი დაუჭირა.
- პრემიერმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის პრეზიდენტს მიმართა
- COVID-19 – ყველა სიახლე: პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიმართვის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დღესვე განაცხადა, შესაბამისი დეკრეტიც დღესვე გამოსცა და მხარდასაჭერად პარლამენტსაც დღესვე გადაუგზავნა.
საქართველოს პარლამენტში საკითხის განსახილველად საგანგებო პლენარული სხდომა დღესვე ჩაინიშნა. კანონმდებლებს ,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ ბრძანება და დეკრეტი თავად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა და განმარტა, რომ ,,საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მთავრობასთან ერთად, ჯანდაცვის სისტემის პროფესიონალების მოსაზრებების გათვალისწინებით“.
,,საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შექმნილ მდგომარეობაში დროულ და გადაუდებელ საშუალებად მიგვაჩნია. ეპიდემიის მეორე ეტაპზე გადასვლის დროს, როცა მოსალოდნელია სიტუაციის დამძიმება, მკაცრი წესების შემოღება აუცილებელია. მათი აღსრულების ყველა ბერკეტი სახელმწიფომ უნდა აიღოს ხელში. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელია იმისათვის, რომ მთავრობამ შეძლოს შექმნილი ვითარების ეფექტიანად მართვა და მის აუცილებელ ნაბიჯებს მიეცეს სამართლებრივი საფუძველი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა იქვე დასძინა, რომ შემოდის მხოლოდ ,,აუცილებელი, გარკვეული შეზღუდვები, თუმცა – არა ექსტრემალური“. ,,არ იზღუდება არც სიტყვის თავისუფლება, არც ძირითადი ინდივიდუალური უფლებები, არც მედიის თავისუფლება, არც პოლიტიკური უფლებები. საგანგებო მდგომარეობაში არ შედის კომენდანტის საათის გამოცხადება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, არჩევნები ჩატარდება საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტიდან მხოლოდ 6 თვის თავზე. ,,იმედია, შევძლებთ საგანგებო მდგომარეობის დასრულებას იმ ვადაში, რომ დაგეგმილი არჩევნების დრომ არ გადაიწიოს ან გადაიწიოს მინიმალურად“, – განმარტა მანვე.
დღევანდელ სხდომას საპარლამენტო საქმიანობისადმი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატებიც ესწრებოდნენ და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირეს.
რას ზღუდავს პრეზიდენტის დეკრეტი?
პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის მიხედვით, იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები. კერძოდ:
- კონსტიტუციის მე-13 მუხლი: საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის შესაბამის ორგანოებს პირის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანის უფლება ეძლევათ.
- კონსტიტუციის მე-14 მუხლი: საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება დაადგინოს იზოლაციისა და კარანტინის წესები; შეაჩეროს საერთაშორისო სამგზავრო საჰერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა; საქართველოს ტერიტორიაზე დაარეგულიროს მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა.
- კონსტიტუციის მე-15 მუხლი: შეჩერდეს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული პაემნის უფლების მოქმედება.
- კონსტიტუციის მე-18 მუხლი: საქართველოს მთავრობას ეძლევა უფლება, დადგენილებით განსაზღვროს საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები.
- კონსტიტუციის მე-19 მუხლი: საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისთვის მის მიერ დადგენილი წესით საკუთრების უფლება და გამოიყენოს იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.
- კონსტიტუციის 21-ე მუხლი: შეიზღუდოს ნაბისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევებისა.
- კონსტიტუციის 26-ე მუხლი: კერძო სამართლის სუბიექტებს აეკრძალოთ, შეეზღუდოთ ან დაევალოთ ცალკეული საქმიანობების განხორციელება; განისაზღვროს ფიზიკური და იურიდიული პირებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვის სპეციალური წესები; აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანრთელობისთვის მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, სამედიცინო პრეპარატებზე, მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირება; საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება დაადგინოს განათლების კანონმდებლობით დადგენილი წესებისგან განსხვავებული წესები და პირობები; მთავრობას შესაბამისი განათლებისა და უფლებამოსილების პირების მობილიზების უფლებაც მიეცა.
დეკრეტის მიხედვით, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 000 ლარით, იურიდიული პირი კი – 15 000 ლარით დაჯარიმდება. იმავე ქმედების გამეორების შემთხვევაში, პირის მიმართ სისხსლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რაც 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, იურიდიული პირი კი – ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით დაისჯება.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დეკრეტი ძალაშია მისი გამოცემის მომენტიდან და მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე. საგანგებო მდგომარეობის ვადა 21 აპრილამდე გასტანს და საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლები მისი გახანგრძლივების შესახებ იმსჯელებენ. დეკრეტს ხელს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი ერთობლივად აწერენ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება
პარლამენტის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემაც გააკეთა და საგანგებო მდგომარეობის პირობები კიდევ ერთხელ განმარტა.
თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტში შეკრების თავისუფლების შეზღუდვასთან მიმართებით, ადამიანების რაოდენობა დაკონკრეტებული არ არის. მანვე იმედი გამოთქვა, რომ „მართლმადიდებლური ეკლესია და ყველა რელიგიური ორგანიზაცია მაქსიმალურად დაეხმარება სახელმწიფოს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და შემდგომი ღონისძიებების მიღება“.
„როგორც დეკრეტის ტექსტი ამბობს, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და იქვე დასძინა: „თუ ჯანმრთლობის უფლების განხორციელება, თუ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შემდგომი ღონისძიებები აუცილებლად მოითხოვს ისეთი ღონისძიებების გატარებას, როგორიც არის კარანტინი და სხვა უფლებების შეზღუდვა, ეს განხორციელდება დამატებითი დეკრეტით“.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებითვე, როდესაც არის ეპიდემიის საფრთხე, „მთავრობამ უნდა მოძებნოს ბალანსი რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასა და ჯანმრთელობის უფლებას შორის“. „თუ ეს ბალანსი შეიცვლება და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საჭირო გახდება დამატებითი, უფრო მკაცრი ზომების მიღება, ასეთი ზომები იქნება მიღებული“, – აღნიშნა მანვე.
პრემიერის განცხადებას, 20 მარტს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის შვიდსაათიანი სხდომა უძღოდა, სადაც გადაწყდა, რომ ზიარების წესი და ეკლესიებში წირვა-ლოცვის განრიგი არ შეიცვლებოდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)