Site icon Civil.ge

ცხინვალის ლიდერმა რუსეთთან „გაერთიანება“ სტრატეგიულ მიზნად გამოაცხადა

ფოტო: presidentruo.org

ოკუპირებული ცხინვალის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა 25 მარტს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით გამოსვლისას, რუსეთის ფედერაციასთან „გაერთიანება“ ცხინვალის რეგიონის სტრატეგიულ მიზნად გამოაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. თავის გამოსვლაში, ბიბილოვმა რუსეთთან ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას გაუსვა ხაზი და დანარჩენი საქართველოდან „მომავალ საფრთხეებზე“ გაამახვილა ყურადღება.

„როგორც ჩვენი ხალხის ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, მხოლოდ რუსეთთან ერთობლიობით შეგვიძლია მივაღწიოთ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს: ეს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პროექტის წარმატების არა მხოლოდ მთავარი და აუცილებელი პირობა, არამედ ჩვენი ხალხის მომავალის გარანტიცაა. რუსეთთან გაერთიანება სამხრეთ ოსეთის სტრატეგიული მიზანია“.

ბიბილოვმა ხაზი გაუსვა, რომ ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარება შეუქცევადი გახდა. „სამხრეთ ოსეთმა გააძლიერა მეგობრული ურთიერთობები რიგ ქვეყნებთან, მათ შორის, აფხაზეთთან, სირიასთან და ვენესუელასთან,“ განაცხადა მან და პირობა დადო, რომ იმ სხვა ქვეყნებთანაც გააღრმავებს ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომლებმაც ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს.

ცხინვალის რეგიონის ლიდერის თქმით, 2019 წელი აქტიური საგარეო პოლიტიკური საქმიანობით გამოირჩეოდა, რომელიც „სტრატეგიულ პარტნიორთან“ – რუსეთის ფედერაციასთან კავშირების გაღრმავებისკენ იყო მიმართული. მან რიგ სფეროებში დაახლოების გეგმებიც გაახმოვანა, მათ შორის, მმართველობის, ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებში. ბიბილოვმა ხაზი გაუსვა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებთან „უწყებათაშორისი კავშირების ზრდას“, რომლებიც კიდევ უფრო გაღრმავდა 2015 წელს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. მან „ყირიმის რესპუბლიკასთან“ (უკრაინის ტერიტორია, რომელიც რუსეთის მიერაა ანექსირებული) „სამთავრობოთაშორის ხელშეკრულების“ ხელმოწერაზეც ისაუბრა. გარდა ამისა, ცხინვალის ლიდერმა ჩრდილოეთ ოსეთან უფრო ახლო ურთიერთობების დამყარების საჭიროებაზეც გაამახვილა ყურადღება.

ბიბილოვმა სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო კონტაქტების დაბლოკვისკენ მიმართულ თბილისის პოლიტიკას ფუჭი უწოდა. „გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლების გადასვლა პროვოკაციების პოლიტიკაზე პირდაპირ კავშირშია თბილისის შიშებთან ე.წ. „არაღიარების პოლიტიკის“ კრახთან დაკავშირებით. მან დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის შემდგომი დაცვის გეგმების შესახებაც გააკეთა განცხადება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)