Site icon Civil.ge

სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური 500-500 ლარით დააჯარიმა

ფოტო: https://www.facebook.com/DPAGeorgiaOfficial/

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტრო და მის უწყებაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის დარღვევისთვის 500-500 ლარით დააჯარიმა. უწყებებმა დაკისრებული ჯარიმა გადაწვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

საქმე  21 იანვარს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის მიერ პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ანგარიშის განხილვის დროს, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის საპატიმროში ვიზიტის ამსახველი ვიდეოს გასაჯაროებას ეხება. მოგვიანებით იგივე ვიდეო სპეციალურმა პენიტენიურმა სამსახურმაც გაავრცელა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილ სისტემურ/არასისტემურ ხარვეზებს ეხებოდა, „საჯარო ინტერესი არსებობდა პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის და სპეციალურ ანგარიშში მითითებული გარემოებების არსებობა/არარსებობის მიმართ, რა დროსაც, შესაძლებელია, მნიშვნელოვანი ყოფილიყო ასახული ინციდენტის საზოგადოებისთვის დემონსტრირება“.

თუმცა, სახელმწიფო ინსპექტორი იქვე მიუთითებს, რომ: „ვიდეოჩანაწერებიდან დასკვნის გასაკეთებლად ან ამა თუ იმ მოვლენაზე აზრის ჩამოსაყალიბებლად არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა კონკრეტულ ინციდენტსა თუ შემთხვევაში მონაწილე დაწესებულების თანამშრომელთა, ისევე როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელთა ვინაობას“.

„აღნიშნულის გათვალისწინებით დგინდება, რომ ვიდეოჩანაწერების სახის დაფარვის გარეშე, პერფორმანსირებული ფორმით გასაჯაროება, არ იყო აუცილებელი ლეგიტიმური მიზნის (სპეციალური პენიტენციური სამსახურის კანონიერი ინტერესის დაცვისა და საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების) მისაღწევად“, – ვკითხულობთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებითვე, იუსტიციის სამინისტროს და  სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 10 დღის ვადაში სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდზე პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერის წაშლა ან დეპერსონალიზაცია დაევალათ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გადაწყვეტილებას, დღეს წერილობითი განცხადებით უპასუხა იუსტიციის სამინისტრომ. უწყებამ განცხადებაში აქცენტი მხოლოდ იმაზე გააკეთა, რომ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კანონიერად მიიჩნევს იმ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას, რომლებზეც საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომელთა საპატიმროში ვიზიტი იყო ასახული“. სამინისტრომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ უწყების დაჯარიმებისა და ვიდეოჩანაწერების წაშლის დავალდებულების შესახებ განმარტება არ გაუკეთებია.

იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩვრებისთვის 10 დღე აქვს. აპირებს თუ არა უწყება გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ჯერჯერობით უცნობია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)