გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 28 მარტი, N70
გარეშე საქმეთა მინისტრი ე. პ. გეგეჭკორი ბაქოში
როგორც ვიცით ბაქოში გაემგზავრა ევგენი გეგეჭკორი. გაზ. „აზერბაიჯანში“ გეგეჭკორის სურათთან ერთად მოთავსებულია შემდეგი წერილი: „გუშინ გვესტუმრა სასურველი სტუმარი – საქართველოს გარეშე საქმეთა მინისტრი. ნამდვილი მეგობარი გაჭირვების დროს იცნობა; და ეს გვაძლევს საბაბს გულწრფელად მივესალმოთ ჩვენი მეგობარ სახელმწიფოს მთავრობის ერთ-ერთს უმაღლეს წარმომადგენელს. დღეს, როცა ჩვენს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ყოველ მხრივ ემუქრებიან, გვესმის თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ორ მეზობელ ერთა შორის მეგობრულ გრძნობას. ამიერ-კავკასიის ერებს მიტომ კი არ მოუშორებიათ თავიდან მონობის უღელი, რომ ხელ-ახლად დაიდგან ის კისერზე. ვინც ერთხელ იგემა თავისუფლების სიტკბოება, მას სიკვდილი ურჩევნია ყოფილ მონურ მდგომარეობაში ჩავარდნას. ამ საერთო საფრთხის დროს, რომელიც ემუქრება მთელ ამიერ-კავკასიას, ორი მეზობელი ვერ დაქსაქსავენ თავის ძალებს ცალკ-ცალკე გამოსვლით. მობრძანება ჩვენთან საქართველოს ხალხის გარეშე საქმეთა მინისტრისა ნათლად ამოწმებს, რომ ადერბეიჯანს და საქართველოს შეგნებული აქვთ ეს ჭეშმარიტება.