Site icon Civil.ge

გახარია: „ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“

წყარო: gov.ge

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, რომელსაც მინისტრთა კაბინეტთან ერთად, დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ესწრებოდა, პრემიერი-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების „მნიშვნელოვანი გამკაცრების“ გადაწყვეტილება მიიღო. „ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილით რვა საათიდან დაიწყება“, – თქვა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის გადაწყვეტილება, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის „შემაშფოთბელი“ დინამიკით ახსნა და თქვა, რომ ბოლო მონაცემებით „ჩვენ საქართველოში გვყავს, უკვე 100 ინფიცირებული“.

„დღეს ჩვენ პირველი შემთხვევაა, როდესაც გვაქვს სამი შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. როდესაც პირველი მსგავსი შემთხვვა იყო მარნეულში, ჩვენ მივიღეთ საგანგებო ღონისძიებები და მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონებად გამოცხადდა. [აგრეთვე] სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი არის [ვირუსით] ინფიცირებული და ეს ყველაფერი, სხვა მოცემულობასთან ერთად, შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას გვაძლევს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით:

პრემიერმა დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანად აღსრულების ნაწილში სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ „ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ ჩვენ ის შედარებით წარმატებული პასუხი გამოწვევაზე, რომელიც აქამდე გვქონდა, გავაგრძელოთ“.

„ამ ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შეიქმნა ოპერატიული მართვის შტაბი, რომელიც იქნება 24 საათის განმავლობაში მომუშავე უწყება, რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს იმ გადაწყვეტილებების შესრულებას, რომელიც მიღებულ იქნება უწყებათაშორის საბჭოს ფარგლებში და ასევე მონაწილეობას მიიღებს ამ გადაწყვეტილებების საინფორმაციო და ანალიტიკური მასალებით მომზადებაში. მსგავსი შტაბი შეიქმნება ყველა რეგიონში“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, „იმისთვის“, რომ „მოქალაქეებს არ შეექმნათ სერიოზული პრობლემები, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და სრულ კოორდინაციას გაუწევს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას“.

„ამ პირობების და ამ შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ვიყოთ ეფექტურები“, – ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმა და იქვე დასძინა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „მედიას არ ჰქონდეს არანაირი პრობლემა ფუნქციონირებაში“.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს ეხება ყველას“. „ყველა ის დაწესებულება, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აგრძელებს მუშაობას 24 საათის განმავლობაში, მათ ექნებათ სპეციალური საშვები მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი სრულად დაიცავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს“. მისივე განმარტებით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათმადე მხოლოდ აფთიაქები იმუშავებს.

გიორგი გახარიამ მართლმადიდებლუ ეკლესიაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მათთან „კომუნიკაცია იყო“, რის შედეგადაც „ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები“. „ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოებში ხმის გამაძლიერებელი ტექნიკით აღჭურვა, იმისთვის, რომ მრევლს შეეძლოს გარეთ იმყოფებოდეს“.

„ჩვენ ამას გავაგრძელებთ, მაგრამ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან, იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია ისევე როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა, როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის“, – თქვა პრემიერმა.

ქვეყანაში სწრაფი ტესტების შემოტანის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერმა თქვა: „ჩვენ კონკრეტული გეგმის მიხედვით მივდვართ, სადაც სწრაფ ტესტებს თავისი დრო და ადგილი აქვს… დღეს გეტყვით, რომ სწრაფი ტესტების დროც მოვა. სწრაფ ტესტებს აქვს თავისი ფუნქცია და როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი… აჩენს მოლოდინს, რომ სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ მასობრივ ტესტირებას, ეს არის სიცრუე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)