Site icon Civil.ge

EMC-მ აჭარის ტელევიზიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების საქმეებზე სასამართლოს მიმართა

ფოტო: emc.org.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსის შორენა ღლონტისა და მისი ასევე უკვე ყოფილი მოადგილის მაია მერკვილაძის ინტერესების დაცვის მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ორგანიზაციის განმარტებით, მოსარჩელეები მათ მიერ დაკავებულ თავდაპირველ თანამდებობებზე აღდგენას ითხოვენ.

„მივიჩნევთ, რომ როგორც მაია მერკვილაძის, ისე შორენა ღლონტის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობის უხეში დარღვევითაა მიღებული და სარედაქციო დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებელი პირების სამსახურებრივი უფლებამოსილებების შეზღუდვას ისახავდა მიზნად“, – ვკითხულობთ EMC-ს მიერ 30 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაციაში ასევე განმარტავენ, რომ მოსარჩელეთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, რაც „ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურიდან გათავისუფლებასა და პოზიციის ცვლილებაში გამოიხატა, ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელი“ ქმედებებია, „რასაც მაუწყებელში კრიტიკულად განწყობილი სხვა თანამშრომლების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებებიც ადასტურებს“.

„შეგახსენებთ, რომ მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლების პროცესს წინ უძღვოდა მთელი რიგი საკადრო ცვლილებები და დისციპლინური დევნის პრაქტიკა, რაც დღემდე გრძელდება. უფლებამოსილებების შეზღუდვისა და მძიმე სამუშაო გარემოს შექმნის პირობების გამო სამსახური დატოვა მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ – ნათია ზოიძემ“, – აცხადებენ EMC-ში.

ამავე კონტექსტში, EMC აჭარის ტელევიზიის აწ უკვე ყოფილი წამყვანის თეონა ბაკურიძისთვის ჯერ უფლებამოსილების შეჩერების და შემდეგ უკვე მის სამსახურიდან გათავისუფლების, ახალი ამბების კორესპონდენტის თეონა ხარაბაძის ბათუმიდან ქუთაისში სამუშაოდ გადაყვანის ფაქტებზეც მიუთითებს.

EMC-ში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ თეონა ბაკურიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე ორგანიზაციამ სასამართლოს შესაბამისი სარჩელით უკვე მიმართა, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საქმეზე კი – მიმდინარე კვირაში მიმართავს.

აჭარის მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი თანამდებობიდან 28 თებერვალს გაათავისუფლა. მის მიმართ ერთი წლის წინანდელ შემთხვევასთან მიმართებით, დისციპლინური წარმოება იყო დაწყებული.

მანამდე აჭარის მაუწყებელში საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატიც გაუქმდა და მაია მერკვილაძეს, რომელსაც ამ პოსტის პარალელურად რედაქტორის თანამდებობაც ეკავა, 26 თებერვლიდან უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა. როგორც მაუწყებლში განმარტავენ, მას არარსებული ტოქშოუს პროდიუსერობა ან რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობა შესთავაზეს. მან შეთავაზება მიიღო და მაუწყებელში დარჩა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)