Site icon Civil.ge

ოკუპირებული გალის მკვიდრს კორონავირუსი დაუდგინდა

წყარო: CDC.gov

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს 30 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა. პაციენტს დიაგნოზი ზუგდიდის ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოში დაუსვეს, სადაც ის ამჟამად მკურნალობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, რომ დაინფიცირებული ქალი ჯერ მოსკოვს სტუმრობდა, საიდანაც ადლერში (სოჭი) თვითმფრინავით ჩამოფრინდა, შემდეგ მდინარე ფსოუზე რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადალახა, სოხუმი გაიარა და გალის რაიონის სოფელ საბერიოში ჩავიდა. შემდეგ მან გამყოფი ხაზი გადაკვეთა და თბილისის მიერ კონტროლირებად სოფელ ფახულანში გადმოვიდა, საიდანაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, აფხაზეთში ყოფნის დროს, პაციენტს ფართომასშტაბიან შეკრებებში (ქორწილები, ქელეხები) მონაწილეობა არ მიუღია. ამავე წყაროს ცნობით, ყველა ადამიანი, ვისაც პაციენტის გალში ყოფნის დროს მასთან კონტაქტი ჰქონდა, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ გამოავლინა და იზოლაციაში მოაქცია.

გალის რაიონის მცხოვრების კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სოხუმმა გალის რაიონსა და დანარჩენ აფხაზეთს შორის გადაადგილება შეზღუდა და გალი-ოჩამჩირის გზაზე მოძრაობა ჩაკეტა.

აფხაზური წყაროები, ისევე როგორც საკითხის მცოდნე წყაროები თბილისიდან, ადასტურებენ, რომ პაციენტი საქართველოს მოქალაქეა და ის გალის რაიონში ცხოვრობს. გალის მკვიდრთა (30 000) უმეტესობას აფხაზური პასპორტები ჩამორთმეული აქვთ, თუმცა ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.

მანამდე, 28 მარტს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სოხუმმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ძალაში 20 აპრილამდე იქნება. აფხაზური მედიის ინფორმაციით, რეგიონის ხელისუფლებამ გალის რაიონში 28 მარტს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი შემოიღო. ამავე ინფორმაციით, ამ ღონისძიების მიზანი ადგილობრივებისთვის გამყოფი ხაზის გადაკვეთის აკრძალვა და ამ გზით, მათთვის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოხვედრის შეზღუდვაა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)