Site icon Civil.ge

საქართველოში პოლონეთის დიპლომატიური მისია ჩამოვიდა

პოლონეთის რესპუბლიკის დროშა 1920-1927 წლებში. ფოტო https://fotw.info/flags/pl-xx.html-დან.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 2 აპრილი, N74

პოლონეთის მისიის ჩამოსვლა

მარტის 30-ს ვარშავიდან კონსტანტინეპოლ-ბათუმის მარშრუტით იტალიელ გემ „ფრანც-ფერდინანდ“-ზე ჩამოვიდა პოლონეთის რესპუბლიკის სპეციალური მისსია. მისსიას დიპლომატიური ხასიათი აქვს და საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან დარჩება პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლად. მისიას სათავეში უდგას ტიტუს ფილიპოვიჩი ვარშავის პირველი კაბინეთის გარეშე საქმეთა მინისტრის ამხანაგი. მისსიის შემადგენლობაში შედიან: საელჩოს გამგე-მრჩეველი სიგ. სმოგორჟევსკი, საელჩოს მდივანი ვლად. დე-ბონდი, და კონსული ვიქტორ ბიალობჟესკი. მისსია დაბინავდა სასტუმრო „ორიენტში“, ბ-ნი ტიტუს ფილიპოვიჩი კი პოლონეთის წარმომადგენლის შენობაში (პეტრე დიდის ქუჩა N7). მარტის 31-ს მისიამ მთელი შემადგენლობით ინახულა მოკავშირეთა სამხედრო და დიპლომატიური მისსიები, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი ექვთიმე თაყაიშვილი. მისიამ დამფუძნებელ კრების ქვესტორის ს. ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობის დაათვალიერა სასახლის შენობა.