Site icon Civil.ge

პრეზიდენტმა ცხრა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

ფოტო: president.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 7 აპრილს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და ცხრა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი – ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების ახალი წესის დამტკიცების შესახებ ბრძანებულებას ხელი ნოემბრის ბოლოს მას შემდეგ მოაწერა, რაც მის მიერ მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული რამდენიმე პატიმრის შეწყალებას მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ახალი ბრძანებულების თანახმად, პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას მხოლოდ „განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში“ გამოიყენებს.

ძველი რეგულაციისგან განსხვავებით, შეწყალების ახალ წესში განისაზღვრა, რომ მსჯავრდებულის შეწყალებამდე, პრეზიდენტი, პატიმრის ჯანმრთელობის და ოჯახურ მდგომარეობასთან ერთად, მხედველობაში მიიღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივს და მიყენებულ ზიანს. ის ასევე იმასაც გაითვალისწინებს, შეიცავდა თუ არა ჩადენილი დანაშაული „განსაკუთრებულ საზოგადოებრივ საშიშროებას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)