გაზ. ერთობა, 1920 წლის 10 აპრილი, N81
მოპარული მილიონების აღმოჩენა
8 აპრილს დილით სისხლის სამართლის მილიციის უფროს ფაჩულიას აცნობეს, რომ 7 აპრილს ღამით მომარაგების სამინისტროში შერჩეული გასაღებით გაუღიათ სამინისტროს კასა და წაუღიათ 7 მილიონ მანეთზე მეტი.
ფაჩულია მსწრაფლ მივიდა სამინისტროში და დააკავა რა სამინისტროს დაბალი მოსამსახურეები, შეუდგა გამოძიებას. ამ დროს მან შენიშნა, რომ ერთ-ერთი მოსამსახურე ჯაფარიძე შეშინებული იყო, დაატუსაღა და იგი გააგზავნა სისხლის სამართლის მილიციაში.
როცა გამოძიება სწარმოებდა, სისხლის სამართლის მილიციის უფროსს აცნობა ერთმა მისმა აგენტმა, რომ ყოფილ სასტუმრო „ფლორიდა“-ში მცხოვრებ გვარდიის ოფიცერ წივწივაძეს აქვს ერთი მილიონი მანეთიო. მილიციის უფროსი მივიდა, გაჩხრიკა წივწივაძის ბინა და ბუხარში აღმოაჩინა 1 მილიონი მანეთი. თვით წივწივაძე კი, ბათალიონში დაატუსაღა: ყველა შეკითხვაზე წივწივაძე დაბნეულ ჩვენება აძლევდა მილიციის უფროსს.
ამის შემდეგ მილიციის უფროსმა მიიღო ერთი მისი თანამშრომლისაგან ცნობა, რომ „ქიმერიონი“-დან აპირებენ თანხის გატანასო. ნაშუადღევს ოთხ საათზე ბატონმა ფაჩულიამ გაჩხრიკა ჯოხაძე, რომელსაც ჯიბეში აღმოაჩნდა 28 000 მანეთი. ჯოხაძემ განაცხადა, რომ ეს ფული მას გადასცეს იმათ, ვინც მიუტანა მას ორი ტომარა ფული. ფული უკანვე წაიღეს, მაგრამ ვინ იყო არ იცის, მხოლოდ სახეზე კი უცნობს. ეს განცხადება მილიციის უფროსს არ ეჩვენა სარწმუნოთ და შეუდგა შენობის გაჩხრეკას, რომელმაც გასტანა 4 საათიდან 8 საათამდე. ფული ვერ აღმოაჩინეს. საღამოს 8 საათზე მილიციის უფროსმა შეგზავნა თავისი შოფერი სამზარეულოს უკან ბნელ ოთახში, სადაც შეშები ეწყო და იქ შეშებსა და კედელს შუა აღმოჩნდა ორი ტომარა ფული.
ბატონმა ფაჩულიამ ეს ფული კერძო პირების დასწრებით დაუთვლელად გადასცა ქალაქის მოურავს. მასვე გადასცა წივწივაძესთან აღმოჩენილი 1 მილიონი მანეთი და ჯოხაძესათვის ჩამორთმეული 28 000 მანეთი. ქალაქის მოურავმა კი ყველა ეს ფულები გადასცა პალატის ბრალმდებელ ტატიშვილს. ფული ჯერ-ჯერობით დათვლილი არ არის.
ოფიცერი წივწივაძე, მზარეული ჯოხაძე, ეჭვით შეპყრობილი ჯაფარიძე დანაშაულში გამოტყდნენ. გუშინ სისხლის სამართლის მილიციის უფროსმა დაატყვევა გვარდიის ჯავშნიან ავტომობილის თანამშრომელი რუბენ ჩალმაგოვი. უკანასკნელიც გამოტყდა დანაშაულში. გამოირკვა, რომ ქურდობის ინიციატორებათ ყოფილან აფიცერი წივწივაძე და მზარეული ჯოხაძე. ქურდობის ერთი მონაწილეთაგანი ჯერ არ არის დატუსაღებული.
ამ საქმის აღმოჩენაში დიდ დახმარებას უწევდენ მილიციის უფროსს გვარდიის აფიცერი ილიკო ჯუღელი და სისხლის სამართლის მილიციის უფროსის თანაშემწე ლორთქიფანიძე. საქმის გამოძიება ჯერ დამთავრებული არ არის.