Site icon Civil.ge

ქუთაისის მერმა თანამდებობა დატოვა

ფოტო: facebook.com/GDGiorgiTchighvaria/

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა დატოვა. Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან ხაზი გაუსვა, რომ იგი პოლიტიკიდანაც მიდის.

გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მერად არჩევის დღიდან, მან საკუთარ გუნდთან ერთად,  „მრავალი მნიშვნელოვანი“ პროექტი დაიწყო და დაასრულა. „ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა“, – დასძინა მანვე.

„მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს – გვერდით დგომისთვის“, – დაწერა გიორგი ჭიღვარიამ.

ქუთაისის მერის მოვალეობას ჭიღვარიას მოადგილე დავით ერემეიშვილი შეასრულებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები გიორგი ჭიღვარიას თანამდებობიდან წასვლას, მმართველი გუნდის შიგნით გარკვეულ დაპირისპირებას უკავშირებენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, ქართულ ოცნებაში იმ ჯგუფის გავლენები შესუსტდა, რომელიც ჭიღვარიას მფარველი იყო და ახლა მეორე ჯგუფი ცდილობს, რომ „ეს კადრები საკუთარით ჩაანაცვლოს“. „ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის მტრული დამოკიდებულების [პირობებში], რასაც ის ქუთაისს უკეთებს მთელი ამ წლების განმავლობაში, ნამდვილად არ მაქვს ილუზია, რომ რაიმე სასიკეთო ცვლილება განხორციელდება ქუთაისისთვის“, -თქვა მან.

მმართველ გუნდში არსებულ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე საუბრობს „თავისუფალი საქართველოს“ წევრი გოგი წულაიაც. მისი განცხადებით, „ეს არის უკვე მზადება არჩევნებისთვის“. წულაიას განცხადებით, ჭიღვარიას წასვლა აიძულეს, თორემ იგი „თავისით წამსვლელი“ არ იყო.

მერის გადადგომამდე, ტელეკომპანია „მთავარი არხი“ თავის წყაროზე დაყრდნობით საუბრობდა, რომ გიორგი ჭიღვარიას თანამდებობის დატოვებას თანაპარტიელები და სუს-ი აიძულებდა. ამავე ინფორმაციით, გუშინ, ქუთაისის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც სუს-ისა და იმერეთის მხარის წარმომადგენლები, ასევე საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ, სადაც ჭიღვარიას თანამდებობის დატოვების სანაცვლოდ ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დანიშნვნა შესთავაზეს და უთხრეს, რომ თუკი იგი შეთავაზებას არ დათანხმდებოდა, მას დაიჭერდნენ.

„სამოქალაქო საქართველომ“ „მთავარი არხის“ ინფორმაციის გადამოწმება უშუალოდ გიორგი ჭიღვარიასთან სცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარს არ უპასუხა. პასუხი ამ დრომდე არც მისი პრესსამსახურისგან მიგვიღია.

მოგვიანებით, გიორგი ჭიღვარიას გადადგომაზე კომენტარი ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გააკეთა და თქვა, რომ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქუთაისის აწ უკვე ყოფილ მერს თანამდებობა ვინმემ იძლებით დაატოვებინა, „არ ფლობს“. მისივე თქმით, ჭიღვარიას მისამართით „პრეტენზიები არ ყოფილა“.

„ყველა ცვლილება უკავშირდება იმას, რომ სიტუაცია გაჯანსაღდეს. თუ იყო გარკვეული პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით გამოსწორდეს, ახალი ენთუზიაზმით, ახალი სისხლით და შემართებით განხორციელდეს სამუშაოები და პროექტები“, – განმარტა კალაძემ.

გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გახდა.

ბოლო ერთ კვირაში, იმერეთის რეგიონში ეს მერის გადადგომის უკვე მეორე შემთხვევაა. პირველ აპრილს თანამდებობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ დატოვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)