Site icon Civil.ge

ევროკავშირი საქართველოს კოვიდ-19-თან საბრძოლველად 183 მლნ ევროთი დაეხმარება

საკვების მიტანის სამსახურის სკუტერი გიორგი სააკაძის აღმართზე, საბურთალოს რაიონი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

კონორავირუსის გავრცელებაზე გლობალური რეაგირების ფარგლებში, ევროკომისია საქართველოს 183 მილიონ ევროზე მეტ თანხას გამოუყოფს.

ფინანსური მხარდაჭერა ევროკომისიის „გადაუდებელი დახმარების პაკეტის“ ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის არის გათვალისწინებული, რომელთა შორისაა: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა.

8 აპრილს, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰელიმ განაცხადა, რომ დახმარება გამოყოფილია ევროპის გუნდის (Team Europe) რეაგირების ფარგლებში და მისი საერთო მოცულობა 962 მლნ ევროა, რომელიც გადაუდებელი საჭიროებების მოგვარებასა და სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედების შემსუბუქებას მოხმარდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან ვიდეოკონფერენციის დროს, ოლივერ ვარჰელიმ დაადასტურა, რომ „ევროკავშირის ქვეყნები პარტნიორების გვერდით დგანან კორონავირუსთან ბრძოლის დროს, პანდემიის წინააღმდეგ ჩვენი გლობალური რეაგირების ფარგლებში“.

იმავდროულად, 8 აპრილს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე „ვიშეგრადის ოთხეულის“ (V4 – ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი) საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაადასტურეს საკუთარი ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის როგორც „ძლიერი და ამბიციური პოლიტიკის“ მიმართ და მისი აქტიურად მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატეს.

ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ დააფუძნონ V4 სოლიდარობის პროგრამა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად და ამ მიზნით 250 000 ევრო გამოყონ.

პროგრამის მიზანია გააძლიეროს ჯანმრთელობა, სოციალური და ეკონომიკური გამძლეობა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, რომლებიც COVID-19-ით და მისი შედეგებით დაზარალდნენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ის 214 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 50 პაციენტი უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარდაიცვალა. ამასთან, 4 722 მოქალაქე 14 დღიან სავალდებულო კარანტინშია მოთავსებული, 408 კი – სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)