Site icon Civil.ge

არასამთავრობოები დისტანციურ სასამართლო მოსმენებზე დასწრების შეზღუდვას აკრიტიკებენ

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის, ფოტო: coalition.ge

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც 40 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოს საერთო სასამართლოებში დისტანციურ სასამართლო მოსმენებზე დასწრების სრულად შეზღუდვას აკრიტიკებს.

კორონავირუსის გავრცელების რისკების ფონზე, პრეზიდენტის მიერ 21 მარტს გამოქვეყნებული დეკრეტის თანახმად, სასამართლოებს დისტანციურად შეუძლიათ სხდომების გამართვა, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

13 აპრილს გავრცელებულ განცხადებში არასამთავრობოები განმარტავენ, რომ 13 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რეკომენდაციები მიიღო, რომლის საფუძველზეც სასამართლო სისტემა „ეტაპობრივად გადავიდა“ საქმეთა განხილვის დისტანციურ რეჟიმზე, რაც, მათივე თქმით, „ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს“.

უფლებადამცველების განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციები ეხებოდა სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენელთა რაოდენობის შეზღუდვას. თუმცა, კოალიციის განმარტებით, ეს პროცესების დახურვას და დასწრების მსურველთა სრულ შეზღუდვას არ გულისხმობს.

არასამთავრობოების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საერთო სასამართლოებმა ვერ უზრუნველყო სასამართლო პროცესების საჯაროობა და სასამართლო მონიტორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის პროცესებზე მეთვალყურეობის შესაძლებლობა.

არასამთავრობოები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობის მხრიდან სრულად შეიზღუდა სხდომებზე დასწრება.

განცხადება ხაზს უსვამს, რომ სასამართლო განხილვის საჯაროობა სამართლიანი სასამართლო განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. „სასამართლო სხდომის საჯაროობა მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდის უფლებების სრულყოფილად რეალიზებისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

„ზოგიერთი სისხლის სამართლის განმხილველი მოსამართლე სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლებას აძლევს დამკვირვებელი ორგანიზაციების მონიტორებს, ხოლო მოსამართლეთა უმრავლესობა, რეგულაციებზე არასწორი აპელირებით, მათ უკრძალავს, დააკვირდეს სხდომის მიმდინარეობას, რაც ცალსახად გულისხმობს არსებული რეგულაციების უგულვებელყოფას და მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიციაში აცხადებენ, რომ არც პრეზიდენტის დეკრეტი და არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციები „არ წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძველს“. არასამთავრობოები ასევე აღნიშნავენ, რომ ახალი რეგულაციები ვირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად. მათივე თქმით, ეს მიზანი არ უნდა ემსახურებოდეს საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი სტანდარტების უგულვებელყოფით სხდომების ჩატარებას.

„სხდომათა საჯაროობის პრინციპის უგულვებელყოფა მხარეთა უფლების უხეში დარღვევაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ამავდროულად, მოსამართლეთა მიერ დაწესებული შეზღუდვებით არსებითად ილახება იმ პირთა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებაც, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქმის განხილვაზე დასწრებით. სხდომების სრულად ან ნაწილობრივ დახურვის პრაქტიკა, კონკრეტული გამონაკლისების გარდა, რაც გაწერილია კანონმდებლობაში, ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპს და საფრთხეს უქმნის პირის უფლებას, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით“, – ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.

კოალიცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და სასამართლოების თავმჯდომარეებს „სასამართლოებში საქმეთა განხილვის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე მოახდინონ მყისიერი რეაგირება, რათა არ დაირღვეს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი – საჯაროობის პრინციპი“.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საჭიროა უზრუნველყოფილი იყოს პროცესით დაინტერესებული საზოგადოების (მათ შორის – მონიტორების) შეუფერხებელი დისტანციური წვდომა პროცესებზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)