საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მათ შორის, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების შესაძლო ჩადენის ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებები შედეგის გარეშე მიმდინარეობდა, რის გამოც „საპროკურორო და საგამოძიებო ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო შემცირდა“ და „გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შესახებ შიშები გამოითქვა“.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2019 წლის ივნისის და ნოემბრის „დემონსტრაციის დაშლისას დედაქალა თბილისში პოლიციამ არაპროპორციული და განურჩეველი ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც დემონსტრანტთა ნაწილმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო“.
„თბილისში ხელახალი დემონსტრაციებისას დეკემბერში, როდესაც მონაწილეები საარჩევნო სისტემის რეფორმას ითხოვდნენ და დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტის შენობის ბლოკირება დაიწყო, ხელისუფლებამ მინიმუმ ორჯერ წყლის ჭავლი გამოიყენა“, – ნათქვამია ანგარიშში.
Amnesty International-ის თქმით, „ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე სისხლის სამართლის გამოძიებები შედეგების გარეშე მიმდინარეობდა“.
კერძოდ, ორგანიზაცია აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, რომელიც პანკისის ხეობაში 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მოკლეს, არ დასრულებულა, ხოლო თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარებული და აზერბაიჯანში იძულებით დაბრუნებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება შედეგების გარეშე მინდინარეობდა.
უფლებადამცველი ორგანიზაცია განმარტავს, რომ „წუხილები მედიის თავისუფლების კუთხით, განსაკუთრებით საქმეებზე, რომლებიც საზოგადოების, მათ შორის, ოპოზიციური მედიის მიერ, მთავრობის კრიტიკოსთა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად აღიქმებოდა, შენარჩუნდა“. მაგალითად ორგანიზაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ტვ პირველის დამფუძნებლის მამა ავთანდილ წერეთელი მოყავს.
ანგარიში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებასაც მიმოიხილავს. „რუსეთის სამხედრო ძალებმა და დე ფაქტო მთავრობებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში დანარჩენ საქართველოსთან გამყოფ ხაზზე ფიზიკური ბარიერების აღმართვა და გადაადგილების შეზღუდვები გააგრძელეს“, – ნათქვამია ანგარიშში.
„აღნიშნულმა ადგილობრივ თემებს ბაღებზე, საძოვრებსა და სახნავ-სათეს მიწებზე წვდომა წაართვა, რამაც მათი ცხოვრების სათანადო დონის უფლებაზე ნეგატიური გავლენა იქონია“, – აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია.
Amnesty International-ი აცხადებს, რომ 2019 წელს საქართველოს ხელისუფლებამ „უარი თქვა, პირველი პრაიდი საქართველოში დაეცვა, რომელიც თბილისში ივნისში იგეგმობოდა და პრაიდის ხელმძღვანელებს მსვლელობის გაუქმებისკენ მოუწოდა, იმ მიზეზით, რომ პოლიცია მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა“ ჰომოფობიური ჯგუფებისგან.
ქვეყანაში შრომითი უფლებების შეფასებისას, ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ „შრომითიპირობებისარასაკმარისი მონიტორინგისა და შესაბამისი სტანდარტების აღსრულების პრობლემის ფონზე სამსახურეობრივი სიკვდილიანობის ათზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით მაღაროებსა და სამშენებლო ინდუსტრიაში“.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შრომითი ინსპექციის დეპარტამენტის სამართლებრივი ფუნქციები დამატებით გაიზარდა, მას უსაფრთხოების მიღმა შრომითი პირობების, მათ შორის გრძელისამუშაო საათებისა და საწარმოო წნეხის უარყოფითიშედეგების შემოწმების უფლება მაინც არ აქვს. „გრძელისამუშაო საათები და საწარმოო წნეხი საქართველოსბევრ ინდუსტრიაში მუდმივ პრობლემად რჩება და უბედური შემთხვევებისხშირი გამომწვევია“, – ნათქვამია ანგარიშში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)