Site icon Civil.ge

EMC: მუსლიმი სასულიერო პირი უსაფრთხოების სამსახურმა სავარაუდო საბოტაჟის საქმეზე დაკითხვაზე დაიბარა

მირტაგი ასადოვი, ფოტო: emc.org.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) განცხადებით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს რამდენიმე წევრი, მათ შორის, ეთნიკური აზერბაიჯანელი სასულიერი პირი – მირტაგი ასადოვი, მარნეულში ცოტა ხნის წინ გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.

ორგანიზაციის მიერ 16 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის (საბოტაჟი) საფუძველზე დაიწყო.

EMC უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასულიერი პირის დაკითხვის საფუძველს ეჭვქვეშ აყენებს. ორგანიზაციის განმარტებით, მირტაგი ასადოვი სოციალურ პროტესტს შეუერთდა და „თავისთავად ამ პროცესში დანაშაულის ნიშნების ამოკითხვა რთულია“.

ორგანიზაციის განცხადებით, თავად ასადოვი ამ პროცესს 15 მარტს ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ მის მიერ მიცემულ ინტერვიუს უკავშირებს, სადაც მან განმარტა, რომ „საქართველო არ არის თეოკრატიული ქვეყანა, ის სეკულარული სახელმწიფოა და დაყოფა „ჩვენ-სხვები“ სწორი არ არის“.

ჟურნალისტის კითხვაზე კი, თუ რას ფიქრობდა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ მართლმადიდებლური ეკლესიები დღესასწაულზე არ დაიკეტებოდა, მან კითხვითვე უპასუხა: „მაშინ ჩვენ გავხსნით მეჩეთებს რამადანზე და ვნახოთ პრემიერ-მინისტრი ჩვენ მიმართ როგორ მოიქცევა“. მოგვიანებით, ორგანიზაციის თქმით, ასადოვმა განმარტა, რომ ეს მხოლოდ რიტორიკული კითხვა იყო.

23 მარტს, ხელისუფლებამ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინში მას შემდეგ მოაქცია, კორონავირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

EMC-მ განაცხადა, რომ ბოლო რამდნიმე დღეა, ადგილობრივი მოსახლეობა 21:00 საათზე 5 წუთის განმავლობაში, ქუჩაში გამოუსვლელად, მანქანების სიგნალებით აპროტესტებს მუნიციპალიტეტში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს. „მათი პროტესტი სოფლის მეურნეობის პროდუქტების უკიდურესად დაბალ ფასებში ჩაბარებისა და მაღაზიებში პროდუქტების ფასების გაუმართლებელი და სპეკულაციური ზრდის პრაქტიკას უკავშირდება“, – აღნიშნა ორგანიზაციამ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)