Site icon Civil.ge

რუსეთი „კორონავირუსთან საბრძოლველად“ ყირიმიდან სამხედროებს აფხაზეთში აგზავნის

საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ - პროტესტის მონაწილეები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

რუსეთი შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფებს „კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად“ ოკუპირებულ აფხაზეთში განათავსებს. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

ამჟამად, 13 სპეციალური მანქანისგან შემდგარი კოლონა, მათ შორის, აეროზოლური დეზინფექციის მობილური კომპლექსები, ასევე ქიმიური და ბიოლოგიური სადეზინფექციო მანქანები, ოკუპირებული რეგიონისკენ მიემართება. აღნიშნულზე „ინტერფაქსი“ რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

ამავე ინფორმაციით, ადგილზე ჩასვლისთანავე ქვედანაყოფები ტექნიკის სპეციალური დამუშავების დროებით პუნქტებს გახსნიან და აფხაზ მედიკოსებთან ერთად სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტი გაგრაში მოსკოვში მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა. 17 აპრილს მდგომარეობით, აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების სამი დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული და ყველა მათგანი გაგრის კლასტერს ეკუთვნის.

27 მარტს აფხაზეთის „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა“ ვალერი ბგანბამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ძლაში 20 აპრილამდე ძალაში.

მანამდე, 25 თებერვალს, სოხუმმა გაახანგრძლივა აკრძალვა, რომელიც უცხოელებს ოკუპირებულ რეგიონში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აფხაზეთში აკრძალვა პირველად 27 იანვარს დაწესდა. აკრძალვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს არ ეხებოდათ. მას შემდეგ კი, რაც რუსეთის ფედერაციაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა, 28 მარტს კი – აფხაზეთის ხელისუფლებამ ოკუპირებულ რეგიონში შესვლა რუსეთის მოქალაქეებსაც შეუზღუდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)