Site icon Civil.ge

შსს-მ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ფოტო: facebook.com/SaakashviliPresidentialLibrary/

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე უწყებამ წარსულში ნასამართლევი ერთი პირი (ბ.ქ.) დააკავა.

შსს-ს მიერ 19 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ბიბლიოთეკის პირველი სართული დაიწვა.

უწყებისვე განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი გუშინ დღისით გაუჩნდა. მოქალაქემ პროცესი Facebook-ის საშუალებით, ე.წ. „ლაივში“ გადასცა და  თქვა, რომ ეს მან გააკეთა. მანვე განმარტა, რომ ნახა „ბუდე“, საიდანაც კორონავირუსი ვრცელდება და სურს, რომ „ამ ბუდეს დემონტაჟი ჩაუტაროს“.

ცეცხლის გაჩენის შემდეგ, მანვე ყოფილი პრეზიდენტისა და მისი თანაგუნდელების მისამართით უცენზური და მუქარის შემცველი ტექსტები გამოიყენა. მანვე იქვე პოლიციასაც მიმართა და მათ უთხრა, რომ იგი არსად გაქცევას აპირებდა.

მთავარი არხის ინფორმაციით, ვანდალური აქტის შემოქმედი ბადრი/ბაჩო ქათამაძეა, რომელიც რამდენიმე თვის წინ, არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოს ეზოში თავს დაესხა, მანამდე კი – პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს აქტივისტების მიმართ პროვოკაციული ქმედებებს აწყობდა.

ნიკა გვარამიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, გვარამიაზე თავდასხმის დროს გამოძიებამ არაფერი გააკეთა, დანმაშავე ადეკვატურად არ დასაჯა და სწორედ „ამის შედეგი არის ის, რომ ეს პირი დღეს უკვე შენობებს წვავს“.

მთავარ არხთან საუბარში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და მოგვიანებით გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ ბადრი ქათამაძე გასულ წელს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს, აქტივისტებს თავს დაესხა. „მას მფარველობს პირდაპირ სუს-ი ქართული ოცნების მომხრეს [დღევანდელი ხელისუფლება] არავის იჭერს, რა დანაშაულიც უნდა ჰქონდეს მას ჩადენილი“, – აღნიშნა მანვე.

ხელისუფლების მხრიდან ქათამაძის მფარველობაზე საუბრობენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც. დღეს გამართულ ბრიფინგზე, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ „ბადრი ქათამაძე არის სუს-ის აგენტი“ და „იგი სარგებლობს „სრული ხელშეუხებლობით“.

მისივე თქმით, ქათამაძეს 2018 წელს, მოქალაქეზე ფიზიკური ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ არის გათავისუფლებული და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პირის მიერ დანაშაულის ჩადენის განმეორების შემთხვევაში, მისი დაუყოვნებლივ დაკავება ხდება,  სამართალდამცველებმა ქათამაძე აქციის მონაწილეებსა და ნიკა გვარამიაზე თავდასხმის დროს, მხოლოდ ადგილიდან განარიდეს და მის წინააღმდეგ საქმის წარმოება არ დაიწყო.

„შესაბამისად, გუშინდელი დანაშაული არის ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი დანაშაული, ეს არის ქართული ოცნების სახე“, – თქვა ბოკუჩავამ და იქვე დასძინა, რომ ქათამაძეს ამჯერად ნაკლებად მძიმე დანაშაულის მუხლი წაუყენეს და პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ მას გირაოთი გაათავისუფლებენ.

„ვთხოვთ, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო ორგანიზაცებს, რომ მიადევნონ თვალი ამ საქმეს, რათა არ მოხდეს მისი [ქათამაძის] გამოშვებით მომავალი დანაშაულის წახალისება“, – აღნიშნა ბოქუჩავამ და თქვა, რომ ისინი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, უახლოეს დღეებში, საქალაქო სასამართლოს მიმართავენ.

მომხდარი ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც შეაფასა და თქვა: „ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის სუს-ის აგენტი. მსგავს პირებს იყენებენ არჩევნებზე და ასეთ აქტებზე და ეს არის რუსული სტილი… ამ კაცს არავინ დაიჭერს და რაღაც პერიოდის შემდეგ ჩვეულებრივად გაუშვებენ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)