Site icon Civil.ge

სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურა. ფოტო: pog.gov.ge

მესტიის რაიონის სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებს შორის 20 აპრილს მომხდარ ინციდენტზე, რის შედეგადაც სასაზღვრო პუნქტის ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

გენერალური პროკურატურის მიერ 20 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 20 აპრილს, სოფელ მულახში მდებარე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელს ბ.ი.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

საგამოძიებო უწყების განმარტებით, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)