Site icon Civil.ge

ევროკავშირი ევროპის საბჭოს გენმდივნის მოხსენებას ეხმაურება

ევროკავშირის დროშა

ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა 23 აპრილს განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 21-ე კონსოლიდირებული ანგარიშის გამოქვეყნებას მიესალმებიან.

ევროკავშირი ხაზს უსვამს ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში საკითხის შენარჩუნების მნიშვნელობას და მოუწოდებს გენერალურ მდივანს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ანგარიშგების კვლავ გაგრძელებას.

განცხადებაში ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო და გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივი შესრულებისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში ევროკავშირი კვლავ გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობის უზრუნველყოფას და კონფლიქტის მოგვარებას საქართველოში, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეობის, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.

განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული პროექტების მხარდაჭერას, მათ შორის, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში არსებული პროექტების მეშვეობით.

განცხადებას უერთდებიან ალბანეთი, ანდორა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მონაკო, მოლდოვას რესპუბლიკა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, სან მარინო და უკრაინა.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის კონტექსტში, ევროკავშირმა განაცხადა, რომ ის არ აღიარებს „იმ საკონსტიტუციო და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც 22 მარტს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა“.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაგმო საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევა და გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოს ამგვარ თავდასხმებთან გამკლავებაში დაეხმაროს.

განცხადებაში ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით გაუარესებული მდგომარეობის გამო. ასევე, ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები გამოყო და მათ „განსაკუთრებით შემაშფოთებელი“ უწოდა.

ევროკავშირი ძლიერი შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების დაუსჯელობის გამო და ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევების სათანადო გამოძიებისა და მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ამყოფებს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით სტუდენტებსა და სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირებს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ერთად, ევროკავშირმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა გამშვები პუნქტის „დაუყონებლივ“ გახსნის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ევროკავშირმა მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გზით თავისუფალ გადადგილებაზე დაწესებული „უპრეცედენტო შეზღუდვები“ გააკრიტიკა, რასაც შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის იზოლაცია და გაღარიბება მოჰყვა. თავის მხრივ, ევროკავშირის შეფასებით, ამას, შესაძლოა, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის შემდგომი გადაადგილება მოჰყვეს. ევროკავშირმა სინანული იმის გამოც გამოთქვა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ვერ ხერხდება ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის განხილვა.

განცხადებაში შეშფოთებაა გამოხატული იმის გამო, რომ ორივე ოკუპირებულ რეგიონში ადამიანებს არ აქვთ წვდომა მომსახურებებზე და მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე. ევროკავშირმა მოუწოდა ოკუპირებული რეგიონების ხელისუფლებებს, უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, როგორიცაა სიცოცხლის, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, თავისუფალი გადაადგილების და საკუთრების უფლებები, ასევე წვდომა საზოგადოებრივ მომსახურებებზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებასა და ეკონომიკურ საქმიანობებზე. ევროკავშირმა ასევე მოუწოდა მათ, რომ აღკვეთონ ადამიანების დისკრიმინაცია „ნებისმიერ, მათ შორის ეთნიკურ ნიადაგზე“.

ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მოწოდებებს, რომ აღდგეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები გალის რაიონში, ასევე „სრულად განახლდეს“ IPRM-ის შეხვედრები ერგნეთში „ყოველგვარი წინაპირობების გარეშე“.

ევროკავშირი მიესალმება „ყველა ინიციატივას“, რომლებიც გამყოფი ხაზების გასწვრივ ხიდების აშენებასა და ჰუმანიტარული გამოწვევების მოგვარებას ისახავს მიზნად, მათ შორის, საქართველოს სამშვიდობო ინიციტივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს ტერიტორიაზე რუსი სამხედროების არალეგალური ყოფნისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გამო. ორგანიზაციამ დაგმო რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებული რეგიონების ხელისუფლებებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების განხორციელება.

განცხადების დასასრულს, ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთს, რომ „სრულად შეასრულოს“ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „დაშვება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“.

ევროკავშირი სინანულით აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოებს და ადამიანის უფლებათა კომისარს არ ეძლევათ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა და მოუწოდებს ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, უზრუნველყოს ამ რეგიონებზე ევროპის საბჭოს შესაბამისი ორგანოების წვდომა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)