Site icon Civil.ge

პრეზიდენტი ზელენსკის მიერ სააკაშვილისთვის ვიცე-პრემიერობის შეთავაზებას აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 17 აპრილი, 2020, ფოტო: president.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც განმარტა, რომ ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვას ქვეყნის ხელისუფლებისა და საზოგადოების „საფუძვლიანი შეშფოთება“ გამოიწვია.

ზურაბიშვილის თქმით, ვიცე-პრემიერად იმ კანდიდატურის განხილვა, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი და რომელიც მძიმე კორუფციულ დანაშაულებშია ბრალდებული, „მიუღებელი და ყოვლად გაუგებარია“.

ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა ერთგულება სტრატეგიული მეგობრობის და ძლიერი ორმხრივი ურთიერთობების მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას დამოუკიდებლობის მოპოვების საერთო ისტორია, საერთო მიზნები და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები აქვთ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

მისივე თქმით, მოვლენების ასე განვითარება მხოლოდ მათ შეიძლება სურდეთ, ვისაც საქართველოსა და უკრაინის ურყევ მეგობრობაში ბზარის გაჩენა აწყობთ.

„შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ, რას მოიგებს გზების გაყოფითა და ერთობის დასუსტებით ან საქართველო ან უკრაინა. პირადად მე, არც მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ვარიანტი დასაშვებია“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

„ვწუხვარ, რომ დღეს ჩვენ ვარღვევთ, თუნდაც, კორონავირუსთან მიმართებით აუცილებელ სოლიდარობას, რომელიც ახლა, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოს აერთიანებს. ვწუხვარ იმ დაკარგული დროის გამო, როცა ჩვენ – ორ ქვეყანას ბრიუსელში ნატოსა და ევროკავშირისთვის წარსადგენ საერთო გეგმებზე უნდა გვემუშავა. ვწუხვარ, ნდობის დეფიციტის გამო, რომელიც უკვე წარმოიშვა ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა მან.

თუმცა, პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ „ჩვენი ქვეყნების ინტერესები უფრო ღირებული და დასაცავი აღმოჩნდება, ვიდრე ვიწრო პოლიტიკური ამბიციები და გათვლები“.

„ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოძმე ერების საერთო წარსული, აწმყო და მომავალი ეჭვქვეშ არასდროს დადგება“, – დასძინა მან.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას სხვა პოლიტიკოსების შეფასებებიც მოჰყვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ აღნიშნულის გამო, შესაძლოა, უკრაინაში საქართველოს ელჩი მინიმუმ კონსულტაციებისთვის გამოიწვიონ.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თავის უკრაინელ კოლეგას დმიტრო რაზუმკოვს წერილიც გაუგზავნა, სადაც საქართველოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე შესაძლო დანიშვნის გამო შეშფოთებას გამოხატავს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი – ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკეს, რომ ორმხრივი „სტრატეგიული“ ურთიერთობების სიმტკიცის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით, პარტიის ინტერესები ეროვნულ ინტერესებზე მაღლა დააყანეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)