Site icon Civil.ge

საქსტატი: აპრილში წლიური ინფლაცია 6.9% იყო

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 4 მაისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2020 წლის აპრილში საქართველოს წლიური ინფლაციის დონე 6.9% იყო, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ კი – 0.9% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ზრდამ იქონია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (16.1% წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით) და ჯანმრთელობიდა დაცვა (4.9%).

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (45.4%), რძე, ყველი და კვერცხი (23.2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (15%), თევზეული (14.9%), ბოსტნეული და ბაღჩეული (14.1%), ზეთი და ცხიმი (11.0%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10%), ყავა, ჩაი და კაკაო (10%) და პური და პურპროდუქტები (8.4%); ასევე სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები (8.4%) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურები (4.4%).


ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (3%-იანი ზრდა) და ტრანსპორტი (3%-იანი კლება).

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (17.7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.1%), თევზეული (6.2%), ყავა, ჩაი და კაკაო (4.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3%), პური და პურპროდუქტები (1.6%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.2%), ზეთი და ცხიმი (0.9%). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის (-0.3%) ქვეჯგუფზე, ასევე პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.8%).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)