საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას სიტყვა დამფუძნებელი კრების 1920 წლის იანვრის 14, დამფუძნებელი კრების სადღესასწაულო [ანტანტის მიერ საქართველოს დე ფაქტოდ აღიარებისადმი მიძღვნილ] სხდომაზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამო.
“მოქალაქენო! ნება მიბოძეთ მოგილოცოთ თქვენ, მიულოცო საქართველოს ხალხს საერთაშორისო ოჯახში გაშლილი დროშით შესვლა და იქ ევროპის ხალხის გვერდით საკუთარი ადგილის დაჭერა. ამიერიდან ქართველი ერი მიღებულია დიდი ერების მიერ, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის.
ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და მომავალი გზა-კვალი მჭიდროთ, უშუამავლოთ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირის გაქარწყლება არ ძალუძს არავითარ ძალ-ღონეს.
და ეს დიადი ისტორიული მოვლენა მოახდინა ერთმა გარემოებამ: საქართველოს ხალხის ერთსულოვანმა გამოსვლამ და ერთი აზრის, ერთი დროშის ქვეშ ერთხმად თავის მოყრამ.
საქართველო ამ ასი წლის წინად დასცა ფეოდალურმა განხეთქილებამ, საქართველო დღეს აღადგინა დემოკრატიის თანხმობამ.
საქართველო დაცემის დროს არ არსებობდა, როგორც ერთი მთელი, ჭირში და ლხინში განუყრელი. მეფეებმა ვერ შექმნეს ერთი მთლიანი სამშობლო.
საქართველო დღეს – აღდგენის დროს წარმოადგენს ერთ ორგანიულათ შედუღებულ სხეულს, ჭირში და ლხინში განუყრელს. დემოკრატიამ შექმნა ერთი მთლიანი სამშობლო.
საქართველოს დაცემით დაეცა ტახტი, დაეცა ფეოდალთა უფლება.
საქართველოს აღდგენით აღსდგა ხალხი, დამტკიცდა დემოკრატიის უფლება.
ხალხმა დაიბრუნა ის, რაც დაკარგა მეფეებმა – თავისუფლება და შექმნა ხალხის სახელმწიფო, ხალხის წყობილება, ხალხის მმართველობა.
ასეთია, ბატონებო, ახალი საქართველო და ის წარსდგა ევროპის წინაშე მსჯავრის მისაღებათ. წარვსდექით არა მოწყალებისათვის, არამედ უფლებისათვის. (ხანგრძლივი ტაში). და მათ გვკითხეს: – რაა, რომ მოგაქვთ? ჩვენ უპასუხეთ: მოგვაქვს ორი ათასი წლის კულტურა, ბუნებით მდიდარი და მშვენიერი ქვეყანა; მოგვაქვს უაღრესი დემოკრატიული წყობილება, დემოკრატიული შემოქმედება და მოვითხოვთ შესაფერ ადგილს აზიის ყურეში. ჩვენ არ ვართ სამანდატო, სააპეკუნო ხალხი; ჩვენ ვართ ჩვენი თავის მანდატორი, ჩვენი ოპეკუნი, თავისი თავის ბატონი (ხანგრძლივი ტაში და ოვაციები). და ეს ჩვენ დავასაბუთეთ არა სიტყვით, არა კეთილი სურვილებით, არამედ საქმით, სახელმწიფოს შეუწყვეტელი შენებით.
და ეს ჩვენი სიტყვა და საქმე პირველ ყოვლისა იწამა ევროპის მუშათა დემოკრატიამ და ლიუცერნში გამოგვაცხადა დამოუკიდებელ საქართველოთ (ტაში). და აი ეხლა, რამოდენიმე თვის შემდეგ, ეს იწამა მმართველმა კლასებმაც და ის დაადასტურა პარიზის კონფერენციამ. შემიძლია თამამათ ვსთქვა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ევროპის ხალხთა შორის არ მომხდარა ისეთი შეთანხმება, როგორიც მოხდა საქართველოს შესახებ.
იქ ლიუცერნში თავი მოიყარა მუშებმა, აქ პარიზში თავი მოიყარა სახელმწიფოებმა, ჩვენს შესახებ ერთი ენით ალაპარაკდა ყველა კლასი, პარტია, ერები.
აქ არის დიდი ბრიტანია – სამშობლო კულტურის, დიდი წარმოების და თავისუფალი მრეწველობისა.
აქ არის საფრანგეთი – სამშობლო დიდი რევოლიუციისა და პირველი მოციქული ადამიანის უფლებებისა.
აქ არის შეერთებული შტატები – სამშობლო დიადი დემოკრატიისა და პოლიტიკური შემოქმედებისა.
აქ არის მშვენიერი იტალია – ეს ცოცხალი ხიდი ძველი და ახალი ცივილიზაციისა, ისეთი ცხელი მზით და მკვირცხლი ხალხით, როგორც ჩვენი მზე და ჩვენი ხალხია. აი, ამათ ჩვენი გაწვდილი ხელი მეგობრულათ ჩამოგვართვეს და ახლად შობილი სახელმწიფოს მიმრქმელის როლი იტვირთეს.
ბატონებო! გვაქვს საფუძველი სიამაყისა. მოხდა იშვიათი ამბავი. მთელმა ევროპამ, განურჩევლათ პარტიისა და კლასისა, ერთხმათ გვითხრა: კეთილი იყოს შენი დაბადება, კეთილი იყოს შენი მობრძანება! და ჩვენ გვმართებს ეს ერთსულოვანი კურთხევა გავამართლოთ საქმით – გავხდეთ ნამდვილი ევროპიელი.
და ამას გავამართლებთ, თუ ჩვენ შემდეგშიაც ვაწარმოებთ იმ პოლიტიკას, რომელსაც ვაწარმოებდით დღემდე; თუ ჩვენ არ გადავსცდებით იმ გზას, რომელზედაც ვიდოდით დღევანდლამდის.
ჩვენს ირგვლივ ხდება და მოხდება დიადი ამბები. ჩვენ გვმართებს დიდი სიმაგრე, დიდი დაფიქრება, რომ ერთხელ არჩეულ გზიდან არ გადაგვაცდინონ. თქვენ იცით, რომ ჩვენ საომარი კავშირი შემოგვთავაზა საბჭოთა რუსეთმა. ჩვენ გადაჭრით უარი უთხარით. ჩვენი პასუხი წაკითხული გექნებათ.
რას ნიშნავს ეს კავშირი? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კავშირი გავწყვიტოთ ევროპასთან, როგორც მათ აქვთ ეს კავშირი გაწყვეტილი და პირი ვიბრუნოთ აღმოსავლეთისაკენ, სადაც ისინი ახალ მოკავშირეებს ეძებენ.
დასავლეთი და აღმოსავლეთი – აი ეს კითხვაა ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია. ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს და თუ ბალშევიკები აღმოსავლეთს ებღაუჭებიან, ეს იმიტომ, რომ დასავლეთმა მათ უარი უთხრა კავშირზე და ცნობაზე.
როგორც ხედავთ, საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარენ. ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ, რუსეთის კი აზიისაკენ. ვიცი, მტრები აყვირდებიან – იმპერიალისტებს ემხრობითო. ამიტომ აქ გადაჭრით უნდა ვსთქვა: მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს (ხანგრძლივი ტაში).
ბატონებო, ნუ დაგავიწყდებათ მეცნიერების ანბანი, ნუ დავანებებთ ვინმეს ფრაზებით გაგვაყრუოს და დავთარი დაგვიბნიოს. ხოლო ანბანია ის, რომ მუშა ხალხი მთელს თავის იმედს ამყარებს კულტურაზე და არა ბარბაროსობაზე. ის მემკვიდრეა კაპიტალისტური წყობილების და არა აზიური კარჩაკეტილობის. ის სიმდიდრე, რაც მან შექმნა იმპერიალისტების ხელმძღვანელობით, უნდა გადავიდეს მის სრულ განკარგულებაში. ის სავსებით სდგას ევროპის წარმოების და იდეების ნიადაგზე. და აი ჩვენ, ბატონებო, გვეზიდებიან ბარბაროსობისაკენ. არა, ჩვენ იქით ვერ წავალთ, თუნდაც ეს მეტად მარცხნით იყოს წასასვლელი. პირიქით, ჩვენ უნდა შევსძახოთ საბჭოთა რუსეთს: დაბრუნდით უკან, ევროპისაკენ, შეითვისეთ დემოკრატია, გახდით ევროპიელი ერი!
ბატონებო, პოლიტიკა განიზომება მისი შედეგებით. საუკეთესოა ის, რომელიც იძლევა საუკეთესო ნაყოფს და ჩვენს პოლიტიკას, ჩვენს მიერ არჩეულ გეზს თავიდანვე მივყავართ გამარჯვებიდან გამარჯვებამდე.
მან გადაგვარჩინა ფრონტიდან გამოქცეული ჯარების აკლებას.
მან გვიხსნა ოსმალთა დაპყრობისაგან.
მან აგვაცდინა შინაური ხოცვა-ჟლეტა და ანარქია.
მან შეგვინარჩუნა რევოლიუციის ყველა მონაპოვარი.
მან აგვაშორა საგარეო ავანტიურები, მოგვცა მეზობელ ერთა კავშირი.
მან შეგვიყვანა საერთაშორისო ოჯახში.
ამ ნაცად გზას ჩვენ ვერ გადაუხვევთ და მის დასაცავად მომხდურთ იარაღით შევებრძოლებით.
ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავს, ჩვენს საზღვრებს: „თუ თავი ჩვენი ჩვენ გვახლავს, ღარიბად არ ვიხსენიებით. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და მის ევროპასთან დაკავშირებას!“
(ხანგრძლივი ტაში და ოვაციები).
This post is also available in: English (ინგლისური)