Site icon Civil.ge

„TI საქართველო“ ხელისუფლებას არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობისკენ მოუწოდებს

ფოტო: იანა ყორბეზაშვილი / Civil.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვლობა საქართველო“ (TIG) ქვეყნის ხელისუფლებას მიმართავს და პანდემიის ფონზე, საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობისკენ მოუწოდებს.

5 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი „ინტენსიურად მუშაობს“, საზოგადოებისთვის კვლავაც უცნობია, როდის და როგორ აპირებს მმართველი გუნდი კონსტიტუციური და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას.

ორგანიზაციისვე განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კონსტიტუციის შეცვლა შესაძლებელი არ არის, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ საკითხთან მიმართებით მმართველი გუნდის კონრეტული გეგმის შესახებ იცოდეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განმარტებით, შესაძლოა, ეპიდემიის შესაკავებლად საჭირო ყველა შეზღუდვა არჩევნებამდე ვერ მოიხსნას და მასობრივ თავშეყრაზე გარკვეული შეზღუდვები ძალაში არჩევნების დღესაც იყოს.

„აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ არსებული ბუნდოვანების გასაფანტად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას“, – განმარტავენ ორგანიზაციაში.

რამდენიმეთვიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმება 8 მარტს შედგა.

შეთანხების თანახმად, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30 პროპორციით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული ფორმით (77-ის ნაცვლად), ხოლო მაჟორიტარული წესით – 30-ს (73-ის ნაცვლად) აირჩევს. ამასთან, პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვლება. აგრეთვე, დაწესდება ე.წ. 40%-იანი ჩამკეტიც, რაც გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება.

17 მარტს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა. კომისია 9 წევრისგან შედგება და მასში ქართული ოცნების დეპუტატები და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შედიან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ იმასაც მიუთითებენ, რომ პანდემიამ ბევრ ქვეყანაში არჩევნების ჩატარების ალტერნატიული მეთოდების ძიება გახადა აქტუალური, ზოგიერთმა ქვეყანამ კი – სხვადასხვა დონის არჩევნები და რეფერენდუმები უკვე გადადო.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში „ხმის მიცემის ალტერნატიული მეთოდი ვერ იმუშავებს“, რადგან მას „პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ნდობა არ ექნება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ ფიქრობენ, რომ აუცილებელია:

აღნიშნულის გათვალისწინებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ყველა რელევანტურ აქტორთან „აქტიური მოლაპარაკებების“ დაწყებისკენ მოუწოდებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ „ვერ იქნება უზრუნველყოფილი ამომრჩევლის მაღალი აქტივობა და არჩევნებზე სათანადო დაკვირვების შესაძლებლობა“.

განცხადების დასასრულს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების „ლეგიტიმურობის“ საკითხის რისკის ქვეშ დადგომის საფრთხეზეც მიუთითებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)