საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) 5 მაისს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის მე-6 შეფასება გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის 2020 წლის ძირითადი საბიუჯეტო მაჩვენებლები COVID-19-ის პანდემიის ჭრილშია შესწორებული.
ორგანიზაციის განცხადებით, ფონდმა საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწია, რომ 2020 წლის ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-ის 8.5%-მდე გაიზარდოს – რაც 4.1 მილიარდი ლარს მიაღწევს.
არსებული პროგნოზით, შემოსავლები მშპ-ის 2.8%-მდე შემცირდება. ამასთან, ფინანსური დახმარების პაკეტი, რომელიც „ჯანმრთელობასა და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე შოკით გამოწვეული ზემოქმედების“ მოგვარებას ითვალისწინებს, მთავრობის მთლიან ხარჯებს მშპ-ის 3%-ით გაზრდის.
სსფ-ის ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობას კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად დამატებითი საბიუჯეტო რესურსის გამოყოფა მოუწევს, ბიუჯეტის საერთო ხარჯებიც გაიზრდება.
2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 2019 წელს არსებული 14.2 მილიარდი ლარიდან 16.2 მილიარდ ლარამდე გაიზრდება (2020 წლის თავდაპირველი საპროგნოზო მაჩვენებელი 14.8 მილიარდი ლარი იყო). ხელისუფლება სოციალურ დახმარებასა და სხვადასხვა ტიპის კომპენსაციებზე 4.6 მილიარდ ლარს დახარჯავს (თავდაპირველი საპროგნოზო მაჩვენებელი – 4.1 მილიარდი ლარი).
მთლიანი საბიუჯეტო შემოსავლები წელს 12.1 მილიარდს შეადგენს (საწყის პროგნოზთან შედარებით 1.4 მილიარდიანი კლება). კერძოდ, საწყის საპროგნოზო მაჩვენებელთა შედარებით, დღგ-დან მიღებული შემოსავალი 600 მილიონი ლარით შემცირდება.
სსფ-მა განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალი, რომელიც ამჟამად 21 მილიარდ ლარს შეადგენს, ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტის დასაფინანსებლად 31.5 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.
„სახელმწიფო ვალი შეფასებულია როგორც სტაბილური, მიუხედავად 2020 წელს მოსალოდნელი მკვეთრი ზრდისა, რაც გაუფასურებისა და იმ ფინანსური დახმარების პაკეტით არის გამოწვეული, რომელიც COVID-19-ის პანდემიის ფონზე ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური ზომების დაფინანსებას მოხმარდება“, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.
სსფ-ის განმარტებით, „ფისკალური კონსოლიდაცია და უფრო მაღალი საშუალოვადიანი ზრდა, მშპ-თან მიმართებით სახელმწიფო ვალის შემცირებას გამოიწვევს “. თუმცა, ორგანიზაციისვე განცხადებით, „სავალუტო რისკებმა, შესაძლოა, ვალის დინამიკაზე გავლენა იქონიონ“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)