ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა, რომელიც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მკაფიო დადასტურება იმისა, რომ მიღწეულია პროგრესი, რომელიც 2020 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელ პირობებს უზრუნველყოფს“.
წერილი, რომელიც 6 მაისით თარიღდება, სრულად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, საპარლამენტო ასამბლეაევროპარლამენტის 60 წევრსდა აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულიქვეყნიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა დაუკრაინა) 10 წევრს აერთიანებს.
6 მაისის წერილში კუბილიურმა საარჩევნო რეფორმაზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების განხორციელებაზე ისაუბრა, რასაც მისი თქმით, ყველა მთავარი დაინტერესებული მხარე, მათ შორის, ევროკავშირი და აშშ-ც მიესალმნენ.
მან აღნიშნა, რომ შეთანხმებამ იმედი გააჩინა, რომ „საქართველოში მოახლოებული არჩევნებისა და დემოკრატიის სიმწიფის მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო ნდობა აღდგება“.
ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ „პროგრესი შეთანხმებაზე ჯერ ისევ მისაღწევია, მათ შორის „იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც, შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზება“.
კუბილიუსმა ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის ირაკლი ოქრუაშვილისთვის ხუთწლიანი პატიმრობის შეფარდება „ნდობის რღვევის კიდევ ერთი ნიშანია“.
„სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები სათანადოდ ვერ მოგვარდა, რაც 8 მარტის შეთანხმებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“, – განაცხადა მან.
კუბილიუსმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავისურის პანდემიით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, შეთანხმების სწრაფი განხორციელება „უაღრესად მნიშვნელოვანია“.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია, რომელსაც ახლა უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, მიღწეული შეთანხმების სულისკვეთების ერთგული დარჩება“, – ნათქვამია წერილში.
მიუხედავად იმისა, რომ მიმართვის ადრესატი თავად არ იყო, ევროპარლამენტარს ოფიციალური წერილით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია მისი წერილის იმ ნაწილით, რომელიც „ცალკეული სისხლის სამართლის საქმეეს“ ეხება.
„ჩვენი მხრივ ეს გაგებულია, როგორც თქვენი მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ და იქვე დასიძნა, რომ „ეს კანონის უზენაესობის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება“.
„პოლიტიკური პარტიები ვერ უბრძანებენ და ვერ მართავენ საქართველოს სასამართლოებს. ვითარების ამგვარი ხედვა მოულოდნელია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის მხრიდან. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუტების მიერ“, – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ კუბილიუსისთვის 7 მაისს გაგზავნილ წერილში.
არჩილ თალაკვაძე ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის და არ შეიძლება იყოს 2020 წლის 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი“. „ჩვენ ვრჩებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და დახვეწის, აგრეთვე, მომავალში ჩვენი მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდების ერთგულნი“, – წერს პარლამენტის თავმდომარე.
იგი წერილში ოპოზიციასა და მამრთველ გუნდს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობაზეც საუბრობს და იქვე განმარტავს, რომ ქართულმა ოცნება ხელშეკრულებას ხელი „გულწრფელად მოაწერა“, რათა „ხელი შეეწყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნებისთვის“.
თალაკვაძე იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ქართლმა ოცნებამ „შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებებიც“ დააინიცირა და „დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით“ და „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების“ გათვალისწინებით საარჩევნო კოდექსტი შესატანი ცვლილებების პაკეტიც მოამზადა.
„სწორედ ეს ნაბიჯები გამოხატავს ჩვენს მტკიცე ნებას, რომ პოლიტიკური შეთანხმება განხორციელდეს მისი ტექსტის შესაბამისად“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე და იქვე „მჭიდრო თანამშრომლობისა“ და „ევროპაში დემოკრატიისა და საპარლამენტო განზომილების გასაძლიერებლად ერთობლივი ძალისხმევისთვის“ მზადყოფნას გამოხატავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)