ქვეყნის ლიდერებმა 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში ნაციტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე თბილისში, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მისვლით აღნიშნეს და ევროპის დღის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც „შუმანის დეკლარაციის“ იუბილეს უკავშირდება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ „9 მაისი ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის – 75 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, 70 წელი კი – ევროპული ოჯახის – ევროკავშირის იდეის დაბადებიდან“.
„პირველ რიგში, მინდა, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ჩვენს ვეტერანებს მივულოცო ეს თარიღი, გამოვხატო მადლიერება მათ მიმართ და ვუსურვო დღეგრძელობა და მხნეობა“, – თქვა პრეზიდენტმა.
„სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის თანამშრომლობისა და სოლიდარობის სრულიად ახალ ფორმატს ევროპაში – ევროკავშირს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა: „ევროკავშირის იდეა იმ გამანადგურებელი ომის ფონზე წარმოიშვა. მთელი ამ წლების განმავლობაში ევროპის ქვეყნები ერთად იღვწიან ადამიანის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“.
„საქართველო კი, თავისი ღირებულებებით, ჭეშმარიტად ევროპული კულტურით, საკუთარი მიღწევებით ევროპული ოჯახისკენ დამაჯერებელ და შეუქცევად ნაბიჯებს დგამს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირს კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ „საქართველოც და ევროკავშირიც მზად არიან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სოლიდარობით კვლავ გავაძლიერებთ ერთმანეთს და კრიზისიდან ღირსეულად გამოვალთ“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელმაც უცნობის ჯარსკაცის საფლავი ყვავილებით თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად შეამკო, თქვა, რომ „75 წელი გავიდა, როდესაც ამ პატარა ერმა 300 000 გმირი შესწირა ამ გამარჯვებას, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას ფაშიზმზე, დიდ ბოროტებაზე“.
„პატარა საქართველოსთვის 300 000 ახალგაზრდა ვაჟკაცის თუნდაც დიდი გამარჯვებისთვის შეწირვა მაინც ძალიან დიდი ტრაგედია და წვლილია. ამიტომ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, პატივი მივაგოთ და ამასთან ერთად, ბევრს უნდა გავახსენოთ, ვისაც ავიწყდება, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით, ამ გამარჯვებაში“, – განაცხადა პრემიერმა.
„ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვებსაც ყოველთვის უნდა გავახსენოთ“, – დასძინა მან.
We mark the 75th anniversary of the end of the #WWII. #Georgia made significant sacrifices in WWII. We remember with gratitude the courageous heroes who gave their lives to secure a better world for future generations. pic.twitter.com/jDj7o4qe5S
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) May 9, 2020
ევროპის დღეზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ „ევროპა, ევროკავშირი იყო პირველი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რომელმაც გამოთქვა სურვილი და კონკრეტული ნაბიჯებით დაეხმარა საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ფინანსური, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით, ინფორმაციის გაცვლის და კიდევ ბევრი მიმართულებით“.
„სიმბოლურია, რომ ზუსტად ხუთი წლის შემდგომ, როდესაც ჯანსაღმა მსოფლიომ ფაშზმი დაამარცხა, ევროპაში გაჩნდა ერთიანი თანაცხოვრების იდეა და ამ იდეამ იმხელა მაგნიტიზმის ძალა მიიღო, რომ დღესაც ჩვენ ქართველები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ერთიანი ოჯახის წევრები გავხდეთ“, – ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრმა.
„მე მინდა მივულოცო თითოეულ ევროპელს, ყველას ვინც თავს ევროპელად თვლის, მათაც“, – დასძინა გიორგი გახარიამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)