Site icon Civil.ge

პუტინმა აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ვეტერანებს ერთჯერადი დახმარება გამოუყო

ვლადიმერ პუტინი, სოჭი, 18 ოქტომბერი, 2018, ფოტო: facebook.com/ValdaiClub

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 8 მაისს განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, ერთჯერადად, 75 000 რუბლის (1 022 აშშ დოლარის) დახმარება გამოყო.

თანხას მაისსა და ივნისში ომის ინვალიდები და ვეტერანები, საკონცენტრაციო ბანაკებისა და გეტოების ყოფილი არასრულწლოვანი ტყვეები, ფინეთთან ომში, დიდ სამამულო ომში, იაპონიასთან ომში დაღუპული სამხედროების ქვრივები, ასევე დიდ სამამულო ომში დაღუპული ინვალიდების ქვრივები მიიღებენ.

დაგეგმილი დახმარების თაობაზე პუტინმა პირველად 18 იანვარს, სანკტ-პეტერბურგში ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ლენინგრადის 900-დღიანი ბლოკადის დასრულება აღინიშნებოდა. პუტინმა შესაბამის განკარგულებას 2020 წლის 7 თებერვალს მოაწერა ხელი, რომელიც მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს ეხებოდათ.

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობას რუსული პასპორტები აქვთ. რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პასპორტიზაცია 2002 წელს მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ გაააქტიურა.

მისი ნებართვის გარეშე, საქართველოს ტერიტორიების მკვიდრებისთვის მოქალაქეობის მინიჭების გამო ოფიციალურმა თბილისმა რუსეთი არაერთხელ გააკრიტიკა და ეს ქმედება „მცოცავ ანექსიად“ შეაფასა.

საქართველოს რეგიონებში პასპორტების დარიგების შეწყვეტისკენ რუსეთს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც არაერთხელ მოუწოდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)