Site icon Civil.ge

რეხვიაშვილის საქმე: EMC აჭარის მაუწყებელში კრიტიკული აზრის დევნაზე საუბრობს

მალხაზ რეხვიაშვილი. წყარო: emc.org.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) აჭარის ტელევიზიის დირექტორ გიორგი კოხრეიძის მიერ გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანის მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას ეხმიანება. ორგანიზაციის თქმით, რეხვიაშვილის გათავისუფლება კრიტიკული აზრის დევნისა და „მაუწყებლის დამოუკიდებლობის ნგრევის გაგრძელებაა.“

12 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კოხრეიძე რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებით შრომით კანონმდებლობას „უხეშად არღვევს“ . EMC-ის განცხადებით, ტელეკომპანიის დირექტორის გადაწყვეტილება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევისა და პროფესიული კავშირების წევრთა დევნისა და შევიწროების თვალსაჩინო და საშიში ილუსტრაციაა“.

მალხაზ რეხვიაშვილი – რომელიც კოხრეიძისადმი კრიტიკულად განწყობილი აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარეცაა –  მაუწყებლიდან 11 მაისს გაათავისუფლეს. რეხვიაშვილმა თქვა, რომ იგი სამსახურიდან ფეისბუქზე დაწერილი მოსაზრების გამო გამოუშვეს. 

ტელეკომპანიის დირექტორი რეხვიაშვილისგან 21 აპრილს გამოქვეყნებული მოსაზრების უარყოფას ითხოვდა, წინააღმდეგ შეთხვევაში კი შესაბამისი ღონისძიებების გაატარებით იმუქრებოდა. სადავო ნაწერში რეხვიაშვილი ამბობდა, რომ კოხრეიძემ ტელევიზიის წამყვანი თეონა თურმანიძე ეთერიდან 20 აპრილს მიღებული ქცევის წესების დარღვევის საფუძველზე, 13-14 აპრილს გამოქვეყნებული სტატუსების გამო მოხსნეს.

EMC წერს, რომ დირექტორმა ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის მხრიდან „ცილისმწამებლური და მაუწყებლისთვის რეპუტაციული ზიანის მომტანი ინფორმაციის გავრცელების არგუმენტით დაასაბუთა“.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ რადგანაც ჟურნალისტის ნაწერში მისი პირადი მოსაზრება იყო გადმოცემული, მასში „არსებითად მცდარი ფაქტი“ მითითებული ვერ იქნებოდა. მეტიც, EMC აცხადებს, რომ რეხვიაშვილის ნაწერით ტელევიზიისათვის მიყენებული ზიანის ფაქტიც არ დასტურდება და არც მისი ცილისწამებად შეფასება შეიძლება. 

„აშკარაა, რომ მაუწყებლის დირექტორი სამსახურიდან დაუსაბუთებლად ათავისუფლებს, ან თვითნებურად დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მხოლოდ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს“, – ხაზგასმით აღნიშნავენ EMC-ში.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ რეხვიაშვილის, როგორც ჟურნალისტისა და პროფკავშირების თავმჯდომარის გათავისუფლება სისხლის სამართლით დასჯადი ქმედებების – დევნისა (მუხლი 156) და პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლის (მუხლი 166) ნიშნებს შეიცავს. 

EMC-მ „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სახელით“, კოხრეიძის წინააღმდეგ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართა.

ორგანიზაცია მოუწოდებს:

გამოძიების ფარგლებში, მაუწყებლის თანამშრომლების ინტერესებს EMC დაიცავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)