ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა ანტივირუსული პრეპარატის – „რემდესივირის“ წარმოებისთვის ხუთ მწარმოებელთან სალიცენზიო შეთანხმებებს მოაწერა ხელი. პრეპარატი მსოფლიოს 127 ქვეყანაში გავრცელდება, მათ შორის, საქართველოშ.
შეთანხმებებს ხელი შემდეგმა კომპანიებმა მოაწერეს: Cipla Ltd., Ferozsons Laboratories, Hetero Labs Ltd., Jubilant Lifesciences და Mylan.
„პრეპარატის მიმღებ ქვეყნებს შორისაა თითქმის ყველა დაბალშემოსავლიანი და საშუალოზე დაბალშემოსავლიანი, ასევე რამდენიმე საშუალოზე მაღალი და მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, სადაც ჯანდაცვის წვდომაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებები არსებობს“, – განაცხადა Gilead-მა 12 მაისს.
„ლიცენზიები უსასყიდლოა მანამ, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ-19-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებას არ გამოაცხადებს, ან სანამ არ შეიქმნება ფარმაცევტული პროდუქტი, რემდესივირის გარდა, ან ვაქცინა კორონავირუსის სამკურნალოდ ან პრევენციისთვის“, – აღნიშნა Gilead-მა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, „რემდესივირს“ ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სოლიდარობის კვლევის ფარგლებში გამოიყენებენ, რისთვისაც შესაბამისი ტრენინგები უკვე მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ინფექციური საავადმყოფოს გარდა, „მთავარი მკვლევარი“ კიდევ ის 6 კლინიკა იქნება, რომლებიც „კოვიდ პაციენტებს მართავენ“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო ამ პრეპარატის გამოყენების ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყნად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით განხორციელების გამო შეარჩიეს.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ 30 აპრილს იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც Gilead-ისგან „რემდესივირს“ მიიღებს.
კოვიდ-19-ის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)