Site icon Civil.ge

15 მაისი, 1920 წ. გენშტაბის ცნობა: ხელთ ვიგდეთ სამხედრო ნადავლი

სამხედრ მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, მის უკან მარცხვნივ რესპუბლიკის მთავარსარდალი გენერალი გიორგი კვინიტაძე, მარჯვნივ გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე, 1920 წლის მაისი, ასპინძის ბრძოლის 150 წლისთავის საიუბილეო სამხედრო აღლუმი. ფოტო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კინო ქრონიკიდან. დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 16 მაისი, N108

სამხედრო ცნობა

ტფილისი, 15 მაისი.

გენერალური შტაბის სამხედრო ცნობა

ყაზახის მიმართულებით მტრის არტილერია და ცხენოსანი ჯარი 4 პოლკზე ნაკრები არ არის. 14 მაისს მტერი შემოტევაზე გადმოსვლას ცდილობდა, მაგრამ სახალხო გვარდიის მედგარი შეტევით ჩვენი პოზიციების 8 ვერსის იქით გავრეკეთ. წითელ ხიდთან ბრძოლაში და მის შემდეგ მტრის დევნის დროს ხელთ ვიგდეთ 3 ტყვიისმფრქვეველი, ტყვეები, სამზარეულოები, არტილერიის საწყობი, სადაც, სხვათა შორის, 20 000 თოფის პატრონაზე მეტი აღმოჩნდა. მტერს წავართვით აგრეთვე ობოზი, სურსათ-სანოვაგე და შინაური საქონლის ჯოგები.

ფოილოსთან, გუშინ, 14 მაისს, მტერი არტილერიიდან ყუმბარებს ესროდა ჩვენს პოზიციებს. დანარჩენ სხვა ფრონტებზე სიწყნარეა. მიღებულ ცნობების თანახმად ფოილოს ხიდთან ბრძოლაში ჩვენებს დაუზიანებიათ მტრის ორი ჯავშნიანი მატარებელი და მასზე მოსამსახურე რამდენიმე კაცი მოუკლავთ.