საქართველოში აკრედიტებული დოპლომატიური მისიების წარმომადგენლები ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და ლგბტქი+ თემის მიმართ „მხარდაჭერასა და სოლიდარობას“ გამოხატავენ.
17 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ხელმომწერები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „გაითვალისწინოს ლგბტქი+ თემის ხმა და დისკრიმინაციისა და მიკერძოების გარეშე მოეკიდოს მისი საჭიროებების მოგვარებას“.
ხელმომწერების განცხადებით, კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე, ვირუსის საფრთხისგან და „მის შესაკავებლად გატარებული ზომების სოციალური და ეკონომიკური შედეგებისგან არავინაა დაზღვეული“. თუმცა, მათივე შეფასებით, „შექმნილი ვითარება განსაკუთრებით მძიმეა მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფებისთვის, მათ შორის, ლგბტქი+ თემისთვის“.
„ლგბტქი+ თემი მუდმივად განიცდის დისკრიმინაციასა და სტიგმას ჯანდაცვისა და სხვა სახის სერვისების მიღების დროს, რამაც პანდემიის პირობებში შეიძლება საბედისწერო შედეგი გამოიღოს. სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის შედეგად გაიზარდა ოჯახში ძალადობის საფრთხე ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების მიმართ“, – განმარტავენ ხელმომწერები.
ისინი მიესალმებიან „საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, პანდემიის დროს ხელი შეუწყოს ლგბტქი+ თემსა და მოსახლეობის სხვა მოწყვლად ჯგუფებს“.
თუმცა, დიპლომატები აღნიშნავენ, რომ „არსებული გამოწვევა მიმდინარე კრიზისის ფარგლებს სცილდება“.
„ამ დღეს, გასულ წელს საერთაშორისო ორგანიზაციებმა ხმა აიმაღლეს იმ დისონანსთან დაკავშირებით, რომელიც შეიმჩნევა ადამიანის უფლებების დაცვისა და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში საქართველოს კანონმდებლობის სულისკვეთებასა და იმ რუტინულ სტერეოტიპებსა და ძალადობას შორის, რომელსაც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან“, – დასძენენ ისინი.
მიესალმებიან რა, გასული წლის შემდეგ, ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის, „2020 წლის თებერვალში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის მე-15 თავის მიღებას“, ხელმომწერები იმედს გამოთქვამენ, რომ „საქართველოს მთავრობა მკაფიო ვალდებულებებს აიღებს ამ გეგმის შესასრულებლად და ამ მიმართულებით მყისიერ და კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)