18 მაისს ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიებმა აღნიშნეს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისა და ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
შეხვედრაზე, რომელსაც ახლადშეწყალებული უგულავა და ოქრუაშვილიც ესწრებოდნენ, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, რომელშიც იმედი გამოთქვეს, რომ საპატიმროს მალე „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუაც დატოვებს, რის შემდეგაც, პარლამენტი 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს.
„ამით ქვეყანა არსებითად წინ წაიწევს პროპორციული და სამართლიანი საარჩევნო სისტემისკენ,“ – აცხადებს ოპოზიცია.
საერთო განცხადების თანახმად, ოპოზიციის მთავარი ამოცანა 2020 წლის არჩევნების „მშვიდ, ნორმალურ“ ვითარებაში ჩატარება და ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებაა.
ოპოზიციის თქმით, ახალმა ხელისუფლებამ „ქვეყანა დღეს არსებული ეკონომიკური ჩიხიდან [უნდა გამოიყვანოს და], გადადგას საკვანძო ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ“, რათა საქართველოში „პოლიტიზებული მართლმსაჯულებისა და პოლიტპატიმრების [პრობლემა]“ აღარ იდგეს.
ოპოზიციონერებმა თქვეს, რომ ამ მიზნის მისაღწევად ისინი კოორდინირებულად მოქმედებას აპირებენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მედიასთან დღევანდელი კონსულტაციების დეტალებზე ისაუბრეს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ შეხვედრაზე საუბარი ძირითადად გიორგი რურუას საკითხზე იყო, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის მხარდასაჭერად „პრინციპული მნიშვნელობის“ წინაპირობად განიხილავს.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბოკუჩავას სულისკვეთება გაიზიარა და დასძინა, რომ ოქტომბერში „არსებითად უფრო ნორმალური“ არჩევნების ჩატარების შემდეგ, ყველა პოლიტიკური ძალა, განსაკუთრებით კი – „ქართული ოცნება“, ამომრჩევლის ვერდიქტს უნდა შეეგუოს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სამოქმედო გეგმებზე საუბრისას ლეიბორისული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პარტიების დიდი ნაწილი არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანახმებული სტრატეგია ექნებათ.
ლეიბორისტული პარტიის ოფისში კონსულტაციებზე ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლელო საქართველოსთვის, სამოქალაქო მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები, გირჩი, ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა და სხვა ოპოზიციური პარტიები იკრიბებიან.
თეორიულად, ქართულ ოცნებას (93 დეპუტატი) საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატების (ჯამში 26 დეპუტატი) მხარდაჭერის გარეშეც შეუძლია, თუკი იგი დარჩენილი 30 კანონმდებლიდან 20-ის მიმხრობას შეძლებს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)