ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფმა, რომელიც ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ჯგუფია, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს მიმართა, რომ „თანამშრომლობის დეტალური და ამბიციური დღის წესრიგი შეიმუშაოვონ, რომელიც კონკრეტულ დახმარებას გაუწევს“ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას – საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, სომხეთს, აზერბაიჯანსა და ბელარუსს.
- აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი
- ევროკავშირის საბჭოს დასკვნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პოლიტიკის შესახებ
ჯგუფის მიერ 19 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელიც ივნისში გაიმართება, ევროკავშირსა და მის აღმოსავლელ მეზობლებს, ასევე ექვს ქვეყანას შორის რეალური ჩართულობის მკაფიო და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებით უნდა დასრულდეს.
„დღეს როგორც არასდროს და 2020 წლის შემდეგაც, ევროკომისიამ გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისკენ, ვინაიდან სასწორზე დევს რეგიონის გეოპოლიტიკური მომავალი, ისევე, როგორც ევროკავშირის სტაბილურობა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
გუშინ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საუბრისას. ევროპის სახალხო პარტიის წევრებმა მიხაელ გალერმა და რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადეს: „მეტი უნდა შევთავაზოთ მათ, ვინც მეტს აკეთებს, და ნაკლები მათ, ვინც ნაკლებს აკეთებს, დემოკრატიული განვითარების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით“.
შიკორსკიმ განმარტა, რომ „ევროკავშირის პოლიტიკის მიზანი“ „საერთაშორისო სამართლისა და ფუნადმენტური ღირებულებების შესაბამისად“ ურთიერთობების გაღრმავება და „მთელ რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობის გაზრდაა“.
მისი თქმით, ევროკავშირმა, ისე, რომ ამ მიზანს საფრთხე არ შეექმნას, ამ ქვეყნებს კონკრეტული სტიმულირების ისეთი საშუალებები უნდა შესთავაზოს, როგორებიცაა – უფასო როუმინგის ზონის შექმნა, ეკონომიკის დივერსიფიკაციის მხარდაჭერა ადგილობრივ ვალუტაში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის კრედიტების ზრდის გზით, ასევე დახმარება ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
We want more "tangible engagement" between the EU and #Ukraine, #Georgia, #Moldova, #Armenia, #Azerbaijan & #Belarus. Also we call for the abolition of cell phone #roaming fees in the #EasternPartnership and between the EU and these countries.https://t.co/RHBEEHqmC5
— EPP Group (@EPPGroup) May 19, 2020
ევროპარლამენტარმა გალერმა განაცხადა, რომ იმისათვის, რომ ეს სტიმულირების საშუალებები ამოქმედდეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა „მუშაობა ერთად უნდა დაიწყონ“.
„ვერცერთ არსებულ გამოწვევას, რომელიც დემოკრატიული სამყაროს წინაშე დგას, ცალკეული ქვეყნები ეფექტურად ვერ გაუმკლავდებიან. პროტექციონიზმმა თავისი საზღვრები აჩვენა, თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. შიდარეგიონული ვაჭრობის ზრდა, როუმინგის გადასახადის შემცირება ან გაუქმება, ერთობლივი პროექტები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა – ენერგეტიკა ან ტრანსპორტი სარგებელს მოიტანს“, – თქვა გალერმა.
შემდეგ მან აღნიშნა, რომ „თუ ქვეყნები ასოცირების შეთანხმებებს ახორციელებენ, ისინი ევროპული სტანდარტებისა და წესების 70%-ს მიაღწევენ“.
„უკან არ დაიხიოთ რეფორმების გზიდან თქვენ ქვეყნებში. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის მეტ კეთილდღეობას მოუტანს თქვენს მოსახლეობას“, – დასძინა მან.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)