ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებმა 19 მაისს რეკომენდაციები მიიღეს, რომლის მიზანიც ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელ მეზობლებთან – საქართველოსთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და ბელარუსთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ახალი კურსის შემუშავებაა.
20 მაისით დათარიღებული პრესრელიზის თანახმად, ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა ინკლუზიურ პროექტად დარჩეს“.
იმავდროულად, კომიტეტის წევრებმა „ევროკავშირს გაფართოებული დიალოგისკენ“ მოუწოდეს იმ ქვეყნებთან, რომელთაც უკვე მოაწერეს ხელი ასოცირების შეთანხმებებს, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებებს – საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან – რათა ხელი შეუწყონ ამ ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციას და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში.
ევროპელი დეპუტატების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებულ სამიტს უძღვის, რომელიც 2020 წლის ივნისში გაიმართება.
ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს „მკაფიო სტრატეგიის და გრძელვადიანი საერთო ხედვის“ შემუშავებას აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარების მიზნით.
მათ ევროკავშირის ვალდებულებების და პოლიტიკური სტიმულირების გააქტიურებისკენ მოუწოდეს, რაც თანამშრომლობას „ახალ დონეზე აიყვანს“.
ევროპარლამენტარებმა ხაზი გაუსვეს პარტნიორი ქვეყნების დაპირებას, რომ რეფორმების განხორციელება და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების გზების ძიება განაგრძონ.
მათ მოუწოდეს ევროკავშირის ყველა ინსტიტუტს „პოლიტიკურ ინიციატივებსა და პროცესებზე იმუშავონ“, რასაც „ევროკავშირი-აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება“, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის, კორუფციის, დეზინფორმაციისა და პოლიტიკური ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება მოჰყვება.
ევროპელმა დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საჭიროა თანამშრომბლობის გაღრმავება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, „სადაც ეს შესაძლებელია“, იმავდროულად „მედიის თავისუფლების ხელშეწყობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ასევე თავად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაუმჯობესება.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროკავშირის საბჭოს დასკვნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პოლიტიკის შესახებ
- ევროპარლამენტარები ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და ოქტომბერის არჩევნების შესახებ
- აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)