Site icon Civil.ge

საგარეო საქმეთა სამინისტრო „ბორდერიზაციას“ და რუსულ დეზინფორმაციას გმობს

საინფორმაციო დაფა სოფელ დვანთან, რომელზეც რუსულ და ოსურ ენებზე ნათქვანია: "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი". ფოტო: მონიკა ელენა / Civil.ge-ის არქივი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც უწყება „კატეგორიულად გმობს“ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის დაწყებას, ასევე ბოლო ორი თვის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის „გახშირებულ პროვოკაციებს“ და დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ.

განცხადებამდე ერთი დღით რუსული საოკუპაციო ძალები თბილისის მიერ კონტროლირებად სოფელ მერეთში შენიშნეს.

„მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის (კოვიდ-19) გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ მავთულხლართების, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერებისა და ე.წ. ცეცხლსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული ტერიტორიის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

უწყების ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი სამი ქართული მუნიციპალიტეტის სოფლების მახლობლად, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა:

განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე რუსეთის ფედერაციისა და ცხინვალის ხელისუფლების მიერ საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის გააქტიურებაც დაგმო.

სამინისტროს განმარტებით, მოსკოვმა „მიზანმიმართულად გააქტიურა ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები საქართველოს წინააღმდეგ და პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი ლაბორატორიას – რიჩარდ ლუგარის ცენტრს“.

საგარეო უწყებამ „აბსურდული და კომიკური“ უწოდა მოსკოვისა და ცხინვალის ბრალდებებს, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ „ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ხელოვნურად გაავრცელა კორონავირუსი და რეგიონის მაცხოვრებლებისგან აიღო ბიოლოგიური მასალები“.

სამინისტროს შეფასებით, დეზინფორმაციის კამპანია „რეალურად ემსახურება საქართველოს მთავრობის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის ნდობის შერყევისა და ადგილზე მართული ქაოსის შექმნის ამოცანას“.

„ეს წარმოადგენს ღია თავდასხმას საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საგარეო უწყებამ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციები და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ. მან ასევე მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, „სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის დესტრუქციულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)