Site icon Civil.ge

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ფოტო: emc.org.ge

22 მაისის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა 79 ხმით არცერთის წინააღმდეგ, „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

სხვა ცვლილებებთან ერთად, ახლადმიღებული კანონის მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესია-მონასტრებს, „ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით“, შეეძლებათ საკულტო ნაგებობის მიმდებარე ტყის ფართობი (არაუმეტეს 20 ჰექტრისა) საკუთრებად გადაიფორმონ.

კანონპროექტი პარლამენტში 2019 წლის თებერვალში დარეგისტრირდა. განმარტებით ბარათში წერია, რომ მისი მიზანი სატყეო სექტორში არსებულ პრობლემებათა მოგვარებაა.

საამისო ცვლილება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონშიც შევიდა, სადაც დაზუსტდა, რომ ეკლესია-მონასტრებისთვის „გადასაცემი ფართობი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ გამოყოფამ არ გამოიწვიოს არსებული სატყეო ლიტერების საზღვრების დარღვევა“.

მანამდე „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები 20 მაისს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

საკომიტეტო მოსმენაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, რომელმაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა, თქვა, რომ ამ კანონით მართლმადიდებულური ეკლესიის საპატრიარქოს „უფრო მეტი ვალდებულებები ექნება, ვიდრე უფლებები“.

„ეს ვალდებულებები მოიცავს მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, ინვენტარიზაციას, მართვის გეგმების შედგენას და მთელ რიგ სხვა ვალდებულებებს“, – აღნიშნა თანდილაშვილმა.

„ტყის კოდექსში“ შესული ცვლილებები (რამდენიმე მუხლის გარდა) 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

არასამთავრობო სექტორის გამოხმაურება

კანონპროექტს არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა მისი დარეგისტრირებისთანავე მოჰყვა. რელიგიური ჯგუფების უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) რამდენიმე განცხადება გამოაქვეყნა და კანონმდებლებს მოუწოდა, ინიცირებული ცვლილებებისთვის მხარი არ დაეჭირათ.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები „დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს და აღრმავებს საქართველოს სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ არსებულ უთანასწორობას“.

„ტოლერანტობის ინსტიტუტი“ აპირებს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) კი თქვა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები „წინააღმდეგობაში მოდის სამართლებრივი სახელმწიფოს და თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპთან“.

EMC-ის თქმით, ეკლესიის ხელში მიწისა და ტყის რესურსების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაგროვებამ შესაძლოა ხელყოს ადგილობრივ გლეხთა ინტერესები და სოციალური და სამართლებრივი კონფლიქტების მიზეზი გახდეს.

პოლიტიკური შეფასებები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის რომან გოცირიძის თქმით, ეკლესიისთვის ტყის გადაცემას „მისი დაცვისა და შენახვის“ მიზნით, უკვე საბიუჯეტო ფულის გადაცემა მოჰყვება. „ეს არის იმ მახინჯი პრაქტიკის გაგრძელება, რაც მრავალი ათეული წელია საქართველოში არსებობს“, – თქვა დეპუტატმა.

ევროპული საქართველოს დეპუტატის ირაკლი აბესაძის შეფასებით კი, ხელისუფლების მხრიდან ამ კანონის მიღებას „მერკანტილური მიზეზი“ აქვს და მას სურს, რომ საპატრიარქო მოახლოებულ არჩვნებში „პოლიტიკურ პარტნიორად აქციოს“.

ოპოზიციის კრიტიკა „სპეკულაციად“ შეაფასეს ქართულ ოცნებაში. „არსად არის გამოკვეთილი, რომ რაიმე განსაკუთრებული პრეფერენციები კეთდება, რომელიმე ინსტიტუციის მიმართ. კოდექსი იძლევა შესაძლებლობას, რომ უფრო ეფექტურად ვმართოთ ეს რესურსი [ტყე], რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის“, – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)