Site icon Civil.ge

ევროპის მოამბე – 23 მაისი

მადლობას ვუხდით ჩეხეთის ტრანზიციის ხელშეწყობის პროგრამას ჩვენი გამოცემის დახმარებისათვის

🇪🇺🇦🇹🇩🇪🇫🇷 მერკელ-მაკრონის მიერ ამასწინ გამოცხადებულ 500 მილიარდიან გეგმაზე ისევ დიდი დავიდარაბაა. აქეთ ბარაქიანი გერმანია – საფრანგეთი მზად არიან ჯიბეზე იკრან ხელი, იქით ხელმომჭირნე შვედეთი, ნიდერლანდები, დანია და ავსტრია მეტი ყაირათობისკენ მოუწოდებენ მშობელ კონტინენტს.ავსტრიის თავშენახულ კანცლერ კურცს ევრონიუსისთვის განუცხადებია სოლიდარობის და დახმარების საწინააღმდეგო კი არაფერი გვაქვს, მაგრამ უფასო ფული რა არის, არ გვესმისო? ავსტრია და სხვა ხელმომჭირნენი ითხოვონ, ფული გრანტებად კი არ დარიგდეს, სესხებად გაიცეს.


🇷🇸 სერბეთს „მიგრანტებისაგან თავდასაცავად“ ორნახევარი ტონა მავთულხლართი უყიდია. სერბეთის მთავრობა ხორვატიის საზღვართან, ქალაქ შიდში განლაგებული თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკების შემოღობვას აპირებს.


🇭🇺🏳‍🌈 კორონავირუსის პანდემიამ მადიარების ქვეყნის მთავრობის არაერთი ახირების გამომზეურებას შეუწყო ხელი. უნგრეთმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც სქესის/გენდერის შეცვლა დოკუმენტებში შეუძლებელი ხდება, რამაც ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების უფლებათა დამცველების გულისწყრომა გამოიწვია. უნგრეთში ამიერიდან საიდენტიფიკაციო საბუთებში დაბადებისას განსაზღვრული სქესი ეწერება მხოლოდდამხოლოდ და მისი შეცვლა შეუძლებელი იქნება (თუ, რა თქმა უნდა, კანონს არ შეცვლიან ისევ). ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების უფლებათა დამცველები კი ხაზს უსვამენ, ათასობით ადამიანია, ვისთვისაც დაბადებისას დოკუმენტებში ჩაწერილი სქესი მოგვიანებით მის მიერ გაცნობიერებულ გენდერულ იდენტობას არ ემთხვევაო; და დასძენენ, ამ კანონის გამო, ბევრი ადამიანი გახდება დისკრიმინაციის მსხვერპლიო.

🇹🇷 მეზობელი თურქეთის ქალაქ იზმირში ჰაკერების ჯგუფს რამდენიმე მეჩეთის ხმოვანი სისტემა გაუტეხავს და მინარეთებიდან რევოლუციონური სიმღერები გაუშვია, მათ შორის, ჩვენთვის ცნობილი იტალიური Bella Ciao-ც. პოლიციას რამდენიმე პირი დაუკავებია საქმეზე. ხმოვანი სისტემის დაზიანებისდა გამო, მეჩეთები რამდენიმე დღეა ვერ ახერხებენ აზანის – ლოცვა-მოწოდების – გაშვებას. იზმირი პრეზიდენტ ერდოღანისადმი ოპოზიციურად განწყობილი ქალაქია, სადაც ტრადიციულად ძლიერია ქემალისტური რესპუბლიკური სახალხო პარტია.

მშვიდობიან და ბედნიერ უქმეებს გისურვებთ!