Site icon Civil.ge

სოხუმმა ენგურს აქეთ ნამკურნალევი პაციენტებისთვის გამშვები პუნქტი გახსნა

ენგურის ხიდი, ფოტო: ვიქტორია სამარინაიტე Civil.ge-ისთვის

ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 26 მაისიდან, ენგურის გამშვები პუნქტი „აფხაზური პასპორტის“ მქონე იმ პირებისთვის გაიხსნა, რომლებიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნების მსურველებს, თან შესაბამისი დოკუმენტი უნდა ჰქონდეთ, რომელიც ადასტურებს, რომ მათ კორონავირუსი არ აღენიშნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათგან ადგილზე კოვიდ-19-ზე ტესტისთვის ბიოლოგიურ ნიმუშს აიღებენ. ამასთან, ისინი რეგიონში დაბრუნების შემდეგ, 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ოკუპირებულმა აფხაზეთმა ენგურის გამშვები პუნქტი პირველად 27 თებერვალს ჩაკეტა.

14 მარტს აფხაზეთის ხელისუფლებამ, იმავე მიზეზით, გამშვებ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვა განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივა.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 7 აპრილს გამოვლინდა. მანამდე, 30 მარტს გალის რაიონის მკვიდრს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, კოვიდ-19 ზუგდიდის საავადმყოფოში დაუდასტურდა.

მოცემული მომენტისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 28 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 14 უკვე გამოჯანმრთელდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)