ჟურნალი „მხედარი“, 1920 წლის 26 მაისი, N1
ჩვენი მიზანი
ტფილისი 26 მაისი
ჯარი და გვარდია მშვენებაა ერისა. იგი მოსარჩელეა ერის სახელმწიფოებრივი უფლებისა, იგი დარაჯია სამშობლოს საზღვრებისა, იგი მფარველია უმწეო და ქვრივობოლთა ჩაგრული კერისა, იგი მცველია თავის ქვეყნის ნამუსისა და მისი კაცური ღირსებისა, იგი გუშაგია ერის მყუდრო ცხოვრებისა, მისი კულტურისა, მისი შემოქმედების ფრთააშლილობისა.
არსად ისეთის თავგანწირვით, ისეთის შეგნებით, ისეთის ერთსულოვნობით არ გაუხორციელებია ქვეყნის შეიარაღებულ ძალას თავისი დიადი და წმინდა მოვალეობა, როგორც ჩვენში!
არსად ისეთის თავმდაბლობით, ისეთის მოკრძალებით, ისეთის მორიდებით არ მოუხდიათ ერის წინაშე ვაჟკაცური ვალი, როგორც ჩვენში!
სხვა ერთა ფანტაზიას თავისი გაღმერთებული გმირები მიუვალ მთის მწვერვალოებზე დაუსახლებიათ, სადაც ჩვეულებრივი ადამიანის ფეხი ვერ დაეკარება.
ჩვენში კი, ჩვენი განახლებული ცხოვრების განმამტკიცებელი და ჩვენი ბედის გამომჭედი გმირები, ჩვენი ცხოვრების შემოქმედი ღმერთები ჩვენ შორის მიწაზე დადიან და გმირიც იმდენია, რამდენიც მეომარი!
იმათ ვერც ჩვენი სინამდვილე და ვერც ერის ფანტაზია ოლიმპის მთაზე ვერ დასტევს!
ძველად, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ბატონობდა მეფის რუსეთის ბნელი ძალა, იგი ეყრდნობოდა გონება დახშულ, განუვითარებელ, უვიც ჯარის კაცებზე, რომელთაც ყაზარმის გარედ ყოველივე ადამიანური ღირსება და მოთხოვნილება ჩაკლული ჰქონდათ.
უაზრო და ფუქსავატი, უშინაარსო და უფერული იყო ყაზარმებში მომწყდეულ ჯარისკაცთა და აფიცერთა ცხოვრება. რკინის სალტეებში ჰყავდათ გაქაჩული მხედრის სული და გული. მათრახი და ნაბახტი იყო მათი მწვრთლენი1 ჯარი შეუგნებელი და ბრმა იარაღი იყო ძველი მთავრობის ნებისყოფისა.
რამდენი ქართველი გაწამებულა ამ ყაზარმებში! რამდენ ქართველ ვაჟკაცს გაუწირავს თავისი უცხოეთის ველებზე, თავის საკუთარ კერას, თავის სამშობლოს მოწყვეტილი რამდენი თავგანწირული გმირის სახელი აღნიშნულა რუსეთის სამხედრო მატიანეში! რამდენი ვაჟკაცის მკერდი განგმირულა ქართველის მახვილით გადამთიელთა გულისათვის!
დღეს კი ჩვენი სახელოვანი ჯარი და გვარდია თავისუფალ საქართველოს საზღვრებზე ხმალ ამართული, მკერდ მოღელილი უშიშრად სდგას და ვაჟკაცურად სადარაჯოებს თავის საყვარელ სამშობლოს თავის ნორჩ რესპუბლიკას, ქვეყნის ნამუსსა და თავის ვაჟკაცობას!
ადამიანმა უნდა გაამართლოს ყოველი წუთი თავისი სიცოცხლისაო – უთქვამს ბრძენს. მართლაც რომ, ადამიანმა უნდა გამოიყენოს ყოველი წუთი თავისის სიცოცხლისა ადამიანურად, უაღრესი სარგებლობით, უდიდესი ძლიერებით, უმაღლეს ფარგლებამდე! ამისათვის კი საჭიროა ცნობა თავის თავისა, შეგნება გარემოებისა, განცდა თავისი ადამიანობისა, გათვალისწინება თავის მოწოდებისა და მოვალეობისა. ეს არის უმაღლესი სილამაზე, განუზომელი მშვენება ადამიანური ცხოვრებისა!
მხედარი – მოქალაქე, მხედარი – მოდარაჯე, მხედარი – მეომარი, მხედარი – მწიგნობარი, მხედარი – ხელოვანი, მხედარი აღმზრდელი და მამა, მხედარი – გულოვანი და ლმობიერი! – ეს არის უაღრესი სახება მხედრის განვითარებისა, მისი კაცად-კაცობისა.
დეე, ყოველი მოქალაქე იყოს ჯარის კაცი და ყოველი ჯარის კაცი – სრული მოქალაქე!
ჯარის კაცი! გვარდიელი! ეს სიტყვები ყოველი ქართველის გულში სათუთ განცდას უნდა იწვევდეს, ეს სიტყვები თავმოწონების ემბლემად უნდა გვქონდეს.
ამისათვის სჭიროა, რომ ქართველი მხედარიც გარდა სამხედროდ აღკაზმულობისა და გულოვნებისა, გარდა საომარ ტეხნიკისა და სამშობლოსათვის თავდადებისა, გამსჭვალული იყოს უმაღლესი ზნეობის სინაზით, განიცდიდეს კაზმულ მწერლობის შემოქმედების მშვენიერებას, აღფრთოვანდებოდეს მხარტვრობის ფერადებით, შეიგრძნობდეს ქანდაკების ჩრთილთა ციალს, სტკბებოდეს მუსიკის უმაღლესი ჰარმონიით.
ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი მთავრობა არაფერს ჰზოგავს: ჯარისკაცთათვის იმართება სკოლები, წარმოდგენები, ლექციები, იბეჭდება წიგნები და ბროშურები, ურიგდებათ ჟურნალ-გაზეთები და სხვა.
ამავე მიზანს ემსახურება ჟურნალი „მხედარი“-ც იგი უნდა გადაიქცეს ჩვენი სამხედრო ძალის სარკედ! მასში უნდა გამოსჭვიოდეს ჩვენი მხედრობის კულტურული საქმიანობა, მისი მწუხარება-დალხინება, იგი უნდა აძლევდეს პასუხს ჯარის კაცს გულში აღძრულ ყოველ სამხედრო-სამოქალაქო საკითხს.
ამისათვის საჭიროა, რომ ჯარისა და გვარდიის ყველა ნაწილებმა მოგვაწოდონ შესაფერი მასალა: გვაცნობონ თავის ნაწილში სახელოვან და თავგანწირულ გმირთა ვინაობა, მათი ღვაწლი და გმირობა, მათი სურათები და ბიოგრაფიული ცნობები; გაგვიზიარონ თავისი კულტურული საქმიანობის მსვლელობა, მისი ნაკლი და ღირსება და ხელი ხელჩაკიდებული წავიდეთ, განვითარება-შეკავშირებისაკენ!
ასე მჭიდროდ შეკავშირებულნი როგორც ბრძოლის ველზე ისე შინაურ კერაზე, ფხიზლათ ვიდგეთ სამშობლოს და რესპუბლიკის სადარაჯოზე და მუდამ გვახსოვდეს ერთი უწმინდესი და უდიდესი მცნება, რომელიც ასე მკაფიოთ გამოუთქვამს ჩვენს უკვდავ მგოსანს ვაჟა-ფშაველას:
სამშობლოს არვის წავართმევთ,
ნურც ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება!