Site icon Civil.ge

საქართველო და ბალშევიკები

რუსეთის კომუნისტური პარტიის მერვე კონგრესი. 1919 წელი. ფოტო ვიკიპედიიდან.

გაზეთი ერთობა, 1920 წლის 29 მაისი, N118

შევხვდით და ვიომეთ. არა ჩვენის მიზეზით, რასაკვირველია. საქართველოს მუშებს სამზადისი უნდა ჰქონოდა რუსეთის მოღორებულ გლეხებთან და მუშების წინააღმდეგ გალაშქრების. მაგრამ ჩვენ ვიცით თავის დაცვა, ვინც უნდა დაგვესხას. და ამან შექმნა ომი ჩვენსა და ბალშევიკებს შორის.

ადერბეიჯანის „გაწითლებული“ ჩალმა ამ შემთხვევაში მხოლოდ შირმა იყო გაბრაზებულ კომუნისტებისათვის, რომ საქართველო ომით დაეპყრათ, მაგრამ იმედები არ გაუმართლდათ.

ჩვენი დემოკრატია ძლიერი გამოდგა, როგორც იდეით, ისე ბრძოლის უნარით. ვერც კომუნისტურმა მყვირალა ფრაზებმა გააბრუეს იგი და, ვერ კომუნისტების თოფ ზარბაზნებმა მოახრევინეს ქედი.

ამაყი რევოლუციის შვილები, ქედმაღალნი, ძლიერნი სულით, გრძნობით, იდეალური გატაცებით – გამარჯვების ყიჟინით შეხვდენ კომუნისტთა მოსულ ლაშქარს.

და დღეს იგი უკვე ზავს მოითხოვს. ერთი კვირით შეჩერებულია საომარი მოქმედება, რომ შესაძლებელი გახდეს ზავი და სამუდამო მშვიდობიანობა.

ჩვენ არ ვიცი, ვერ ვიტყვით რისთვის გამოიყენებს ამ დასვენებას ბალშევიკების ხელმძღვანელნი, რომელთა შორის ბევრია ჩვენი ქვეყნიდან მოღალატეობისთვის გაქცეულნი, ბევრია დენიკინის შავი ლაშქრიდან ჩვენდა სამტროთ „გაწითლებული“.

ერთი კი ვიცით, საქართველოს დემოკრატიას ერთი კვირა სიფხიზლე სჭირია, რომ გამარჯვების ნაყოფი ხელიდან არ გაუშვას.

ჩვენ არ გვაქვს საკმაო ნდობა ბალშევიკ მოღვაწეების და მათი სიტყვების. მათ დაუსრულებელ ფრაზათა კორიანტელში იფარება მზაკვრული იმპერიალისტური პოლიტიკა დაპყრობისა და დამონებისა. განა შეიძლება აქ სხვაგვარი პოლიტიკა იყოს, სადაც კომუნისტი და ნური ფაშა, ცნობილ სულთანოვთან ერთათ ხელი-ხელ ჩაკიდებული უდგანან სათავეში „რევოლუციურ რევკომებს“?

დიახ, სიფხიზლე და დარაჯათ ყოფნა ჩვენი მოვალეობაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რასაკვირველია იმას, რომ ზავი შეუძლებელია. იგი შეიძლება, მაგრამ მხოლოდ როგორც შედეგი ჩვენი სიმტკიცის, ჩვენი სიმაგრის, ერთსულოვნების ბალშევიზმი ყოველთვის მიდიოდა გამარჯვებისკენ მოწინააღმდეგის შინაგანი გახრწნის შემდეგ. და ეს გახრწნა მოწინააღმდეგის – იყო შედეგი არა მათი მსროლელი იარაღის, არამედ მოწინააღმდეგეთა უგუნური პოლიტიკის, რომელიც ბალშევიზმს აძლევდა საშუალებას მხსნელის როლში მოვლინებოდა ქვეყანას და თავის აგიტაცია გაეცხოველებია. ახლაც კომუნისტები შიგნით და გარეთ შეეცდებიან ამას. ჩვენ გვრწამს, რომ ამაოთ. საქართველოს დემოკრატია დაიცავს თავის კერას, რომელიც დიდის შრომით და ჯაფით აუშენებია.

ჩვენ ამ მხრივ არ გვაქვს შიში  ბალშევიზმისა. მაგრამ ჩვენ გვინდოდა ომიანობის შეჩერება მკვიდრი ზავის მისაღებათ, სისხლის ღვრის საერთოთ შესაჩერებლათ. მოსკოვის რუსეთთან ჩვენ უკვე გვაქვს ზავი, უნდა შეიკრას ადებეიჯანთანაც, თუმცა ვერ დავმალავთ, რომ აქაც არსებითათ იგივე რუსეთის ხმალი მოქმედებს.

როგორი უნდა იყოს ეს ზავი? რუსეთთან ჩვენ საზავო ხელშეკრულებაში გავარკვიეთ ჩვენი საზღვრები. ადებეიჯანთანაც უნდა იქნეს გარკვეული ეს საკითხი. სანამ ჩვენზე თავდასხმას არ ჰქონია ადგილი ამ მეზობლისაგან, საზღვრის საკითხი არ იყო მწვავე ჩვენთვის. დღეს იგი აუცილებლათ გადასაჭრელია. და გადასაჭრელია ისე, რომ უზრუნველმყოფილი ვიქმნეთ ყოველგვარი ავანტიურისტული გამოსვლებისაგან.

ერთი მხარე ჩვენი საზღვრებისა ჩრდილოეთის მხრივ გამორკვეულია რუსეთთან ზავით. იგი გადის ზაქათალის აღმოსავლეთ საზღვარზე ნუხის მაზრასთან. ამ ხაზიდან უნდა დაიწყოს ჩვენი საზღვრები და შემდეგ გაიაროს ისეთი ხაზი, რომელსაც მართლა ექნება თვისება ბუნებრივი საზღვრის – ქედი დიდი წყალი და სხვა. ასეთი ბუნებრივი ადგილები, რომელნიც უდაოდ ხდიან დემარკაციულ ხაზს, აადვილებენ საზღვრის დაცვას და ამით უზრუნველჰყოფენ მომავალში მშვიდობიანობას.

ჩვენ არ შევეხებით ამ საზღვრის დაწვრილებით განხილვას. ჩვენ აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ არ გვინდა დავეყრდნოთ მხოლოდ ისტორიულ, ეთნოგრაფიულ და ეკონომიურ მოსაზრებებს. უმთავრესი საკითხია მშვიდობიანობის შესაძლებლობა და საზღვრების დაცვის გაადვილება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ აგრესიული მისწრაფებებით არ ვხელმძღვანელობთ, რომ სხვისი ტერიტორია არ გვიზიდავს და არ გვაინტერესებს.

ჩვენ გვინდა მხოლოდ დაცვა ჩვენი დემოკრატიული ქვეყნის და მუშათა კლასის, ჩვენ გვინდა უზრუნველყოფა ჩვენი განვითარების გზის, რომელიც დემოკრატიზმის საშუალებით მიეშურება სოციალიზმისაკენ. და ბოლშევიკების მეთაურები, თუ მათ არ სურთ გაშიშვლებული იმპერიალისტური სახე გამოაჩინონ, უნდა დასთანხმდენ ამ ძირითად დებულებას და ხელი აიღონ საქართველოს წინააღმდეგ აგრესივობაზე.