„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, რომელიც ლუგარის ლაბორატორიას მართავს, რუსეთის მხრიდან ცენტრის მიმართ ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესახებ ბრალდებებს უპასუხა. მანვე რუს კოლეგებს შეახსენა, რომ „უკვე 30 წელია, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს“, მოსკოვი საქართველოს „მბრძანებელი“ აღარ არის და კარგი იქნება, თუკი ისინი ამას გაითავისებენ.
28 მაისს გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ ლუგარის ცენტრში რუსი ექსპერტების დაშვების შესახებ მოსკოვის მოთხოვნა გააკრიტიკა და თქვა, რომ ქართული მხარე მხოლოდ რუსული დელეგაციის ჩამოსვლას არ დაუშვებს.
„მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ – ჩამოხვალთ, თუ გსურთ საერთაშორისო მისიებთან ერთად“, – მიმართა მან რუს კოლეგებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, რომელიც ლუგარის ცენტრს უშუალოდ ხელმძღვანელობს, ლაბორატორიაში რაიმე ტიპის ბიოლოგიური იარაღის წარმოება კიდევ ერთხელ უარყო. მანვე განმარტა, რომ 2018 წელს, საქართველოში ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის გაეროს კონვენციის ეგიდით ჩამოსულ საერთაშორისო მისიაში მონაწილეობაზე რუსეთმა უარი განაცხადა.
ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვის ბრალდებები უარყო და განმარტა, რომ რუსეთი „უხეშად“ ცდილობს, რომ დააკნინოს „წარმატებული ინსტიტუციის როლი საქართველოსა და რეგიონული უსაფრთხოების საქმეში“.
ასევე წაიკითხეთ:
- თბილისი ლუგარის ცენტრის შესახებ რუსეთის „ცრუ ბრალდებებს“ პასუხობს
- აშშ-ის საელჩო „ბორდერიზაციასა“ და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ „დეზინფორმაციაზე“
- უცხოელი ექსპერტები: ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა გამჭირვალეა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)