გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 30 მაისი, N118
შინაგან საქმეთა სამინისტროში
ცხენების მობილიზაცია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 მაისს შემდეგი შინაარსის დეპეშა გაუგზავნა ქუთაისის, ტფილისის, ბორჩალოს, გორის, სიღნაღის, ზუგდიდის, დუშეთის, ახალციხის და ახალქალაქის სამაზრო ერობათა გამგეობებს, ასლი მილიციის უფროსებს, ქალაქ ტფილისის მილიციის უფროსს და ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობებს.
„თანახმად თავდაცვის საბჭოს დადგენილებისა თქვენდამი რწმუნებულ რაიონისათვის მობილიზაციის წესით წარმოდგენილი უნდა იქმნეს სამხედრო საჭიროებისათვის გამოსადეგი ცხენები 30 მაისისათვის. გატყობინებთ რა ამას წინადადებას გაძლევთ მიიღოთ სასწრაფო ზომები, რათა აღნიშნული რიცხვი ცხენებისა უსათუოდ ამ დღისათვის შეკრებილ იქმნას სამაზრო ქალაქში და გადაცემული სამხედრო ერთეულების მიმღებთათვის.
თითოეულ ცხენისათვის პატრონთ ფული მიეცემათ ხარისხების მიხედვით: პირველისათვის 20 000 მანეთი, მეორისათვის 15 000 მანეთი და მესამესათვის 10 000 მანეთი. იმ თანხიდან, რომელიც გადაგზავნილი იქნება ამ მოკლე ხანში თქვენს განკარგულებაში სამნეო კომიტეტიდან.
ცხენის მიღების დროს თქვენი მიხედვით მოწვეულ კომისიაში უნდა შედიოდეს სამხედრო უწყების წარმომადგენელი და აგრეთვე ბეითალი.
ამასთანავე გატყობინებთ ცნობისათვის და სახელმძღვანელოდ, რომ მობილიზაციისაგან განთავისუფლებულ უნდა იქმნას: 1) ერთად ერთი ცხენი გაწვეული სათადარიგო და მოლაშქრე ჯარისკაცთა, 2) გარეშე სახელმწიფოთა მისიების და საკონსულოების კუთვნილი ცხენები და გვარდიისა და ჯარის ოფიცერთა ერთად ერთი ცხენი, 3) სახელმწიფო თავლის და კერძო პირთა წმინდა ჯიშის და ფაშატი ცხენები, რომელნიც საჭირონი იქნებიან სახელმწიფო თავლის მიზნებისთვის.
ყველა მიღებული ცხენები უსათუოდ ჯანმრთელი უნდა იყვნენ, რათა მიღებისთანავე გამოსადეგი დარჩეს სამხედრო საჭიროებისათვის.
მიღების დროს პატრონთათვის გაცემულ იქმნენ სათანადო მოწმებები“.