გაზ. ერთობა, 1920 წლის 3 ივნისი, N122
„ტანი“ საქართველოს შესახებ
ფრანგულ გაზეთ „ტან“-ის 9 მაისის ნომერში მოთავსებულია წერილი ერთ-ერთი რედაქტორის ბატონ ჟანტიზონისა, რომელიც ამას წინად ჩვენს ქვეყანაშ იყო: მოგვყავს ამ წერილიდან ზოგიერთი ალაგები.
„როდესაც რუსეთის იმპერია დაეცა, – იწყებს ჟანტიზონი, – და ლენინ-ტროცკის პოლიტიკა, შეარყია სახელმწიფოებრივი შენობა, – ბევრი წვრილი ერები გამოეყვნენ რუსეთს და დაიწყეს დამოუკიდებელი ცხოვრება. ზოგიერთები მაშინვე ცნობილი იქნენ და შევიდენ ხალხთა ოჯახში, ხოლო ზოგიერთის დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ მხოლოდ „დე ფაქტოთ“ არის ცნობილი. ამათ რიცხვს ეკუთვნის საქართველოც. შემდეგ ავტორი სწერს: საქართველო ის მხარეა, რომელსაც დასავლეთის დემოკრატიამ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. გეოგრაფიულ ადგილ-მდებარეობის თვალთახედვით საქართველოს დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო წონასწორობისათვის. საქართველო და ადერბეიჯანი წარმოადგენენ ერთ ყელს, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. სავაჭრო მიზნებისათვის ეს ყველაზე უფრო მოკლე გზაა ხმელთა შუა ზღვის რაიონისა და ცენტრალურ აზიას შორის.
პოლიტიკური მოსაზრებით ეს არის ახალი სახელმწიფო ორ კონტინენტს შორის, რომელიც ხელს უშლის მოწინააღმდეგე იმპერიალისტურ ძალთა შეტაკებებს; საქართველო ახლაც დიდ მისსიას ასრულებს, როდესაც ხელს უშლის ბალშევიკებს შეუერთდნენ ოსმალეთის ნაციონალისტებს და ამით მინიმუმამდე დაიყვანონ მოკავშირე დემოკრატების გამარჯვება. როგორც არ უნდა იყოს, საქართველოს რესპუბლიკა მომავალში მოწოდებულია შეასრულოს დიდი პოლიტიკური და ეკონომიური როლი“.
შემდეგ ჟანტიზონი ეხება ამიერ-კავკასიის რესპუბლიკათა გაერთიანების საკითხს და ამბობს: „ამიერ-კავკასიის რესპუბლიკებს ხშირად ადარებენ შვეიცარიას. ასეთ შედარებას არავითარი მოსაზრება არ ამართლებს. შვეიცარიაში თუ ფრანგული, იტალიური და გერმანული კულტურა დაახლოვებით განვითარების ერთ დონეზე სდგას, – კავკასიაში არაფერი ამის მსგავსი არ არის: აქ კულტუროსან, განვითარებულ ხალხების გვერდით თქვენ მოხვდებით ისეთ ხალხებს, რომლებიც მეტათ ჩამორჩენილნი არიან და ჯერ კიდევ აზიურ ფანატიზმის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. რუსეთის დაშლას, რომელიც დესპოტიზმის ჯარებით აკავშირებდა ამ ხალხებს, – ბუნებრივათ ის მოყვა, რომ ეს ხალხები დასცილდენ ერთმანეთს. ამასთანავე, საქართველოს სახელმწიფო, დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, ეწევა სახელმწიფოებრივ მუშაობას, იჩენს დიდ უნარს, აწარმოებს უანგარო და მშვიდობიან პოლიტიკას და იჩენს ისეთ სიმტკიცეს, რაც ხაზგასმით უნდა იქნეს აღნიშნული“.
შემდეგ ჟენტიზონი ეხება საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დენიკინისა და ბალშევიკების საფრთხეს და განაგრძობს: „ამ მხრივ რესპუბლიკის მდგომარეობას შესაძლებელია ტრაღიკული გახდეს. მაგრამ ის ნაციონალურ აღტყინება, რასაც ქართველები იჩენენ სახელმწიფოებრივ მუშაობის დროს, იმედს იძლევა, რომ საქართველო უვნებლათ გამოვა ამ განსაცდელისაგანაც. ასევე სწამს ბატონ ნოე ჟორდანიასაც“ – ათავებს ჟანტიზონი, – რომელმაც (ნოე ჟორდანიამ) ჩვენთან საუბრის დროს განაცხადა. „თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ერთსულოვნებას და უზრუნველყოფილნი ვიქნებით სურსათ-სანოვაგითა და იარაღით, – ამ შემთხვევაში ჩვენ მტკიცეთ ვიდგებით ჩვენს ადგილზე“-ო.