არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ (TIG) 5 ივნისს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტის შესახებ ანალიზი გამოაქვეყნა. ორგანიზაციის თქმით, ცვლილებები ოპოზიციის უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს.
ორგანიზაცია უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიის დეპუტატების ირაკლი კობახიძის, გიორგი კახიანის, მამუკა მდინარაძისა და გურამ მაჭარაშვილის მიერ 25 მაისს ინიცირებულ კანონპროექტს და აცხადებს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობას დამატებით პრივილეგიებს მიანიჭებს.
კანონპროექტის ინიციატორები განმარტებით ბარათში აღნიშნავენ, რომ „ახალი რეგლამენტის ამოქმედების კვალდაკვალ, პრაქტიკამ გამოავლინა გარკვეული ხარვეზები, რაც აღმოფხვრას საჭიროებს“. ქართული ოცნების დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს სიახლეებს, როგორც კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით, ისე მისგან დამოუკიდებელ შინაარსობრივ ცვლილებებს.
„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ განაცხადა, რომ ცვლილებები „საპარლამენტო უმცირესობის“ გაუქმებას და სანაცვლოდ „საპარლამენტო ოპოზიციის“ ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელსაც ყველა ის წევრი მიეკუთვნება, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობაში არ იქნება გაერთიანებული.
იმავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარეს ცხრის მაგივრად სამი მოადგილე ეყოლება, და ამჟამინდელი სამის ნაცვლად, მხოლოდ ერთი იქნება საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი.
ცვლილებების თანახმად, ფრაქციის შექმნა არანაკლებ შვიდ დეპუტატს შეეძლება (ნაცვლად ამჟამინდელი ექვსისა), ხოლო ერთი პოლიტიკური პარტიის წევრებს ერთ ფრაქციაზე მეტის შექმნის უფლება არ ექნებათ. გარდა ამისა, სხვადასხვა პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების დეპუტატებს ერთობლივი ფრაქციის შექმნის უფლებაც არ ექნებათ.
ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს საპარლამენტო დებატებში მონაწილეობისთვის ნაკლები დრო ექნებათ. ფრაქციას დრო იმდენი წუთით განესაზღვრება, რამდენი წევრიც მასშია გაერთიანებული (არანაკლებ 10 და არაუმეტეს 75 წუთისა), ნაცვლად მოქმედ რეგლამენტში არსებული 45 წუთისა (უმრავლესობისა და უმცირესობისთვის), დამოუკიდებელ დეპუტატებს ხუთის ნაცვლად სამი წუთი გამოეყოფათ.
„საპარლამენტო რესპუბლიკაში დემოკრატიული მმართველობის განვითარება შეუძლებელია მხოლოდ უმრავლესობის უფლებების გაძლიერების ხარჯზე“, – აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია და დასძენს, რომ „პარლამენტის როლის გაძლიერებისათვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვან პროცესებში“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)