Site icon Civil.ge

არასამთავრობოები მოუწოდებენ ხელისუფლებას სომხეთს კოვიდ-19-თან გამკლავებაში დაეხმაროს

საქართველოსა და სომხეთის დროშები, ფოტო: facebook.com/ArmEmbGeorgia/

ათმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მეზობელ სომხეთს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.

5 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, უფლებადამცველთა ჯგუფი ხელისუფლებას, სომხეთის მიმართ სოლიდარობისა და თანამშრომლობის სულისკვეთების გამოჩენისკენ მოუწოდებს, რაც, მათივე შეფასებით, სანაცვლოდ, რეგიონში ვირუსის გავრცელების შესაკავებლად საჭირო ერთობლივი ღონისძიებებისთვის საფუძველს შექმნის.

განცხადებას ხელს აწერენ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „ღია საზოგადოების ფონდი საქართველოში“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია), „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „თანასწორობის მოძრაობა“, „კავშირი საფარი“ და „პლატფორმა სალამი“.

ვინაიდან საქართველომ „წარმატებით“ მოახერხა ვირუსის გავრცელების პირველი ტალღის მართვა, არასამთავრობოები ვარაუდობენ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სომხეთისთვის „ხელშესახები დახმარების“ გაწევა შეუძლია.

„პანდემიური ვითარების შესამსუბუქებლად და მასშტაბური სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად, საერთაშორისო სოლიდარობა და თანამშრომლობა აუცილებელი წინაპირობაა“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ორგანიზაციებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ საკუთარი მანდატისა და რესურსების ფარგლებში, „კოლეგებს“ საჭირო დახმარება აღოუჩინონ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 ივნისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უწყება სომხეთის დასახმარებლად საქართველოს მზადყოფნას ადასტურებს.

დღეის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსის, დაახლოებით, 12 000 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაცვლილთა რაოდენობამ 170-ს გადააჭარბა.  სომხეთის ჯანდაცვის სისტემამ საკუთარი შესაძლებლობები უკვე ამოწურა. რეანიმაციის განყოფილებაში 186 საწოლიდან 154 სერიოზულად დაავადებულ პაციენტებს უკავიათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)