Site icon Civil.ge

„საია“: მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტყის საკუთრებაში გადაცემა „დისკრიმინაციულია“

ფოტო: emc.org.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) პარლამენტის მიერ „ტყის კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს ეხმიანება, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესია-მონასტრებისთვის, საგამონაკლისო წესით, ტყის საკუთრებაში გადაცემასაც გულისხმობს და აცხადებს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება „დისკრიმინაციულია“ და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

8 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია ასევე განმარტავს, რომ „მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დამატებითი ფინანსური და ქონებრივი გარანტიების მინიჭება სხვა რელიგიურ გაერთიანებებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს“.

„საია“ საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებასაც იმოწმებს, რომლის მიხედვით, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა „სახელწიფო ქონების შესახებ“ კანონის ის ნორმა, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ მიღების შესაძლებლობას მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებდა.

„მიგვაჩნია, რომ არსებული გამონაკლისი შემთხვევა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ თანასწორობის სტანდარტებს და წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას“, – აცხადებენ „საია“ – ში.

ორგანიზაციაში ასევე დასძენენ, რომ აღნიშნული თავად ტყის კოდექსით დადგენილ მიზანსა და ტყის მართვის ძირითად პრინციპებსაც ეწინააღმდეგება.

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი 22 მაისს, 79 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაუჭირა. საკანონმდელო ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მიღებამდეც გააკრიტიკა. „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI) აპირებს, რომ საკანონმდებლო ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)