გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 9 ივნისი, N126
სამხედრო ცნობა
ტფილისი, ივნისის 8.
როკის მიმართულებით ოსების ბანდებმა, რომელნიც საკმაოდ გაძლიერდენ ჩრდილო კავკასიიდან მოსული დამხმარე ძალებით ჩვენი მოწინავე ნაწილების წინააღმდეგ აქტიური მოქმედება დაიწყეს.
გოდერძის უღელტეხილის რაიონში (ბათუმის ოლქი) ჩვენი მზვერავთა მოქმედებები სწარმოებს.
სხვა მიმართულებაზე სიწყნარეა.
1920 წლის მაისში აზერბაიჯანის საზღვარზე საბჭოთა წითელი არმიის შემოტევის მოგერიების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ძალების ძირითადი ნაწილი ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა. მნიშვნელოვნად შეთხელებული იყო სასაზღვრო რაიონში განლაგებული სამხედრო ნაწილების შემადგენლობა, რითაც ისარგებლეს ცხინვალისა და ჯავის რაიონის ოსებმა, რომლებმაც ჩრდილოეთ კავკასიაში გამაგრებულ ბოლშევიკებთან კოორდინაციით აჯანყება დაიწყეს. აჯანყებაში საკუთრივ ოსებისა ქართველი, რუსი და სომეხი ბოლშევიკებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. აჯანყების საწყის ეტაპზე მეამბოხეებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს, რადგანაც რესპუბლიკის სამხედრო ხელმძღვანელობა არ ჩქარობდა აზერბაიჯანის ფრონტიდან ჯარისა და გვარდიის მოხსნას – რესპუბლიკა 100-ის სარედაქციო შენიშვნა.