თიბისი ბანკის დამფუძნებელმა და პარტია ლელო საქართველოსთვის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ 6 ივნისს „ტელეკომპანია პირველთან“ 40 წუთიან ინტერვიუში რიგ საკითხებზე, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საგარეო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, სექსუალური უმცირესობების უფლებებსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან სახელმწიფოს ურთიერთობაზე ისაუბრა.
2020 წლის არჩევნები
ლელოს დამფუძნებელმა მმართველ პარტიას მოუწოდა, რომ 8 მარტის შეთანხმება შეასრულოს, რომელიც საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს უხსნის გზა.
ხაზარაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პარტიის გადაწყვეტილება, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს მიიღებს, პარტია 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატებს წარადგნს.
მანვე საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებისთვის მზადყოფნა გამოხატა.
ეკონომიკა
ეკონომიკურ ხედვებზე საუბრისას, ხაზარაძემ საკუთარ პარტიას „ცენტრისტულ მემარჯვენე“ და „ბაზრისადმი მეგობრულად განწყობილი“ უწოდა.
მან საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „[მის მსგავსად] არავის კერძო სექტორიდან არ შემოუტანია 6 მილიარდი ქვეყანაში, არავის არ შეუქმნია 10 000 სამუშაო ადგილი“. „მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი“, – დასძინა ხაზარაძემ.
საგარეო პოლიტიკა
ლელოს ლიდერმა მხარი დაუჭირა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსების წინადადებას, რომლის თანახმადაც, სამხედრო ბლოკში გაწევრიანების დასაჩქარებლად, ქვეყანას შეუძლია დროებით უარი თქვას ალიანსის ქარტიის მეხუთე მუხლის (კოლექტიური თავდაცვის შესახებ) ოკუპირებულ რეგიონებზე გავრცელებაზე.
„ამაზე სპეკულირება, რომ აფხაზეთს საბოლოოდ დავკარგავთ და ცხინვალის რეგიონს არის ტყუილი“, – განაცხადა მან.
დაგმო რა მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი, ხაზარაძემ რუსეთს „საქართველოს მტერი და ოკუპანტი“ უწოდა. მან მხარი დაუჭირა რუსეთთან ახალი ფორმატის დიალოგს, მაგრამ „დიდი ქვეყების ჩართვით, რამდენიმე ქვეყნის ლიდერის შუამავლობით“.
„პირისპირ რუსეთთან დარჩენა და დიალოგი არის კატასტროფა საქართველოსთვის“, – დასძინა მან.
სექსუალური უმცირესობების უფლებები
ლელოს ლიდერი კატეგორიულად შეეწინააღმდეგა ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებას საქართველოში და ასევე მათ მიერ ბავშვის აყვანას.
ხაზარაძის თქმით, სექსუალური უმცირესობების უფლებები კონსტიტუციაში კარგადაა განსაზღვრული და მათი გადახედვა საჭირო არ არის. „ჩვენ რაღაცა ნოვატორობა ამ მიმართულებით არ უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენს ქვეყანაში უმცირესობის უფლებები ძალიან კარგადაა დაცული. თუ გადახრებია, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი არ სრულდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები შელახოს“.
„მე წინააღდეგი ვარ, რომ [ერთი და იმავე სქესის პირთა] ქორწინება დაკანონდეს. შვილი უნდა გაზარდოს დედამ და მამამ“, – განაცხადა მან.
ეკლესიისთვის ტყეების გადაცემა
ხაზარაძე საქართველოს ტყის კოდექსში შეტანილ ცვლილებებსაც შეეხო, რომლის თანახმადაც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესია-მონასტრებს, „ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით“, შეეძლებათ საკულტო ნაგებობის მიმდებარე ტყის ფართობი (არაუმეტეს 20 ჰექტრისა) საკუთრებად გადაიფორმონ.
„სახელმწიფო უვლის დღეს ტყეს? თქვენ გადაგიფრენიათ საქართველოს თავზე, როგორი ხე-ტყის ჩეხვა და ვანდალობა მიდის? მე მირჩევნია, რომ ის, რაც ისედაც იყო მათი, მაგრამ კერძო საკუთრებაში არ იყო, დღეს უბრალოდ დაკანონდა და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ“, – თქვა ხაზარაძემ.
„მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკლესია ძალიან კარგად მიხედავს ამას“, – დასძინა მანვე.
შეფასებები
სექსუალურ უმცირესობებზე და ეკლესია-სახელმწიფოს შორის ურთიერთობებზე ხაზარაძის განცხადებებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლედამცველების კრიტიკა მოჰყვა.
ზოგმა მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ მისი დამოკიდებულება გააკრიტიკა და ის არჩევნებზე სასულიერო პირების მხარდაჭერის მოპოვების მცდელობად შეაფასა.
ზოგმა კი ხაზარაძე ლგბტ თემის მიმართ გამოხატული პოზიციის გამო გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში „უმცირესობების უფლებები კარგადაა დაცული“.
მისი თანაპარტიელის რიტორიკის შესამსუბუქებლად, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ არჩევნების წინ ეკლესიისთვის ტყეების გადაცემა მმართველი პარტიის პოლიტიკური ნაბიჯი იყო. მანვე ბიუჯეტიდან ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვაზე მეტი კონტროლი მოითხოვა.
რაც შეეხება სექსუალური უმცირესობების საკითხს, უსუფაშვილმა დისკრიმინაციის აღსაკვეთად და ძალადობის დაუშვებლობისადმი საზოგადოებრივი კლიმატის შესაქმნელად, სახელმწიფოს „თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკის“ გატარებისკენ მოუწოდა.
უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების დაკანონებას ლელო მხარს არ უჭერს, „ისევე, როგორც ამას მხარს არ უჭერდა მთელი დემოკრატიული სამყარო სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)