Site icon Civil.ge

სოხუმმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა

გამშვები პუნქტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარედ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ივნისს მომხდარი უკანონო დაკავების ფაქტზე თბილისმა მყისვე აცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და გაააქტიურა ე.წ. ცხელი ხაზი. სუს-ის განცხადებით, მომხდარზე ინფორმირებულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებიც.

„საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, წერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

სუს-ის თქმით, „საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლების მიზნით“. 

ოკუპირებული აფხაზეთის „კაგებეს“ („სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი“) ცნობით, დაკავებულებს – ბუთხუზ კვირკვიას, მიხეილ ლამანძიასა და მათე ლამანძიას – ბრალად  „სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთა“ ედებათ ბრალად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)