Site icon Civil.ge

საქართველო სომხეთს კოვიდ-19-თან გამკლავებაში დახმარებას სთავაზობს

საქართველოსა და სომხეთის დროშები, ფოტო: facebook.com/ArmEmbGeorgia/

საქართველო მეზობელ სომხეთს კოვიდ-19-თან გამკლავებაში დაეხმარება. საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დეტალები ორი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა – ეკატერინე ტიკარაძემ და არსენ ტოროსიანმა – 11 ივნისს სატელეფონო საუბრისას განიხილეს.

საქართველოს ჯანდაცვის უწყების ცნობით, სურვილის შემთხვევაში, ქართული მხარე სომხეთს სასუნთქი აპარატებითა და სამედიცინო პერსონალით დაეხმარება.

ამავე ინფორმაციით, ორი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა, საჭიროების შემთხვევაში, სომხეთში აღებული ნაცხების საქართველოში ტესტირებისთვის ორ ქვეყნის საზღვარზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობაზეც იმსჯელეს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, „[სომხეთის ჯანდაცვის] მინისტრს მოეწონა ეს იდეა“, თუმცა ორი მხარე ჯერჯერობით იმაზე შეჯერდა, რომ სომეხი და ქართველი სპეციალისტები ტელეხიდით გამართავენ შეხვედრას, რომელზეც მხარეები დამატებით დეტალებზე შეთანხმდებიან.

მანამდე, სომხეთის დასახმარებლად მზადყოფნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც გამოთქვა. გამყრელიძის თქმით, საქართველოს შეუძლია, სომხეთისთვის კოვიდ-19-ზე დღეში 500-დან 1000-მდე ტესტი ჩაატაროს ან მეზობელ ქვეყანას ტესტების გარკვეული რაოდენობა აჩუქოს.

მანამდე, დილით, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში ქართველი სამედიცინო პერსონალი დაეხმარება.

დღეის მდგომარეობით, სომხეთში ახალი კორონავირუსის 14 600-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი – 240-ს გადააჭარბა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)